USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
თბილისი
«CNBC» (აშშ): „როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი“
თარიღი:  571

ამერიკული კაბელურ-თანამგზავრული ტელეარხის „სი-ენ-ბი-სი“-ს (CNBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი“ (ავტორი - ჰოლი ელიატი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

მიმდინარე ზაფხულს რუსეთსა და უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადავიდა, როცა კიევმა დიდი ხნის გამოცხადებული კონტრშეტევა დაიწყო და გაჩნდა იმედი უკრაინის არმიის გამარჯვებასთან დაკავშირებით. მაგრამ წინსვლის ნაცვლად უკრაინის შეიარაღებული ძალები ათასკილომეტრიან ფრონტზე რუსეთის არმიის კარგად გამაგრებული თავდაცვითი ნაგებობების წინაშე აღმოჩნდნენ, რომელთა გადალახვა ორთვიანი ბრძოლების შედეგადაც კი არ ძალუძთ. წარმოიდგინეთ ძლიერი თავდაცვითი ხაზი, რომლის სიღრმე თითქმის 30 კილომეტრია და რომელიც გასულ ზამთარში იქნა აგებული - იმ დროს, როცა უკრაინა კონტრშეტევისათვის  დასავლელი მოკავშირეებისაგან იარაღსა და საბრძოლო მასალებს ელოდა, რუსეთი დროს არ კარგავდა - ველ-მინდვრებს ნაღმავდა, ტრანშეებს და სანგრებს თხრიდა, რკინა-ბეტონის საცეცხლე წერტილებს აშენებდა.

დღეისათვის უკვე ყველასათვის გასაგები გახდა, რომ უკრაინელების ოპერაცია სწრაფ სასურველ შედეგებს ვერ მოიტანს და რომ წარმატების მიღწევა - რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება - გარანტირებული არ არის.

სამხედრო ექსპერტები კიევს აფრთხილებენ: ფრონტზე შექმნილი სიტუაცია მოწმობს, რომ ომი გაჭიანურდება, უკრაინა იძულებული გახდება, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იომოს. ამ პროგნოზის უკან უდიდესი, კოლოსალური დატვირთვა იმალება, რომელიც მხრებზე დააწვება როგორც უკრაინას, ასევე მის დასავლელ პარტნიორებს. ევროპელებს და ამერიკელებს მილიარდობით დოლარის დახარჯვა მოუწევთ უკრაინისათვის - სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად.

 „უკრაინამ უნდა აჩვენოს იმის უნარი, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეუძლია, მაგრამ დასავლეთი ხვდება, რომ კიევს თავისი ძალებით 2023 წელს ამის გაკეთება უკვე აღარ შეუძლია“, - ამბობს დიდი ბრიტანეთის გაერტიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი რიჩარდ ბერონსი, - წლის ბოლომდე ორივე დაპირისპირებული მხარე გააგრძელებს იმაზე ფიქრს, რომ წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ. რუსეთისათვის ომის წაგება წარმოუდგენელია, უკრაინელებს კი, სანამ რწმენა და ნებისყოფა ეყოფათ, მანამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისათვის ბრძოლას გააგრძელებენ. კიევს სულ უფრო მეტი დახმარების მიღება სურს... ვფიქრობ, დადგება 2024 და 2025 წელიც, ბრძოლა კი არ დასრულდება“.

გენერლის თქმით, თეორიულად, წლის ბოლომდე კიევს გარკვეული პოზიტიური შედეგების მიღწევა შეუძლია, მაგრამ  რეალობა სულ სხვა სიტუაციას აჩვენებს. „თუ ომის მიმდინარეობას კონცეპტუალურად შევხედავთ, უკრაინელებს წარმატების შესაძლებლობა ნამდვილად აქვთ, მაგრამ ამისთვის უდიდესი ძალისხმევაა საჭირო. უკრაინას კიდევ 100 მილიარდი დოლარის დახმარება დაჭირდება.

ჰორიზონტზე ომის დასასრული  არ ჩანს

დიახ, მართლაც იყო იმედი, რომ უკრაინა ომში გარდატეხის შეტანას შეძლებდა და კონტრშეტევას წარმატებით განავითარებდა - კიევის ჯარები აზოვის ზღვის ნაპირებზე გავიდოდნენ. მაგრამ უკრაინელი სამხედროები გადაულახავი ბარიერებს წააწყდნენ - ღრმად ეშელონურ თავდაცვის სისტემას, ყველანაირი დაბრკოლების ჩათვლით - დანაღმული ველებით, ბლინდაჟებით, მრავალფენიანი ტანკსაწინააღმდეგო ტრანშეებით.

ორთვიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად უკრაინელებმა რუსების მხოლოდ თავდაცვის წინახაზთან მიახლოება შეძლეს და რამდენიმე [ცარიელი] სოფელი დაიკავეს. – 204,7 კვადრატული კილომეტრის ფართობით. უკრაინის არმია უდიდეს პრობლემებს აწყდება და როგორც ჩანს, ოცნება რუსული თავდაცვით ხაზის გარღვევაზე, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის დაკავებზე ოცნებადვე დარჩება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის თანამშრომლის ნიკ რეინოლდსის თქმით, ის სიძნელეები, რომლებიც უკრაინელი სამხედროების წინაშე დგას, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. „მიმდინარე წლის პირველ თვეებში რუსეთის არმიას კარგი შესაძლებლობა გაუჩნდა დაკავებული ადგილების გასამაგრებლად. თუ დაკვირვებით შევხედავთ მათ მიერ შექმნილ თავდაცვით სისტემას, მაშინ ნათელი გახდება, თუ რატომ ვერ შეძლეს უკრაინელებმა მასში ბზარის შეტანა და გარღვევა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას ავიაცია არ ჰყავს“, გნმარტავს ექსპერტი.

უკრაინის კონტრშეტევის სტრატეგიული მიზანია „ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის“ (ხიდის) გადაჭრა, აზოვის ზღვის ნაპირებზე გასვლა, შემდეგ კი ყირიმში შეჭრა, მაგრამ როგორ? რუსეთმა ყირიმის მიმართულებით და თვით ყირიმშიც ყველაზე მძლავრი თავდაცვითი ხაზი შექმნა. „ამჟამად უკრაინის არმია პირდაპირ ღრღნის რუსების თავდაცვითი სისტემის პირველ ხაზს, მაგრამ ეს სისტემა 30-კილომეტრიანია, მთელი თავისი ბარიერებით. აზოვის ზღვამდე 100 კილომეტრია დარჩენილი. კიევის ჯარმა ჯერ მხოლოდ 8 კილომეტრის დაკავება შეძლო. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ბოლო დროს რუსეთი საპასუხო სეტევებსაც ახერხებს. ასე რომ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ფაქტია, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარმატება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა“, - ამბობს ექსპერტი.

ნიკ რეინოლდსის თქმით, „რუსული სტრატეგია დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნებას გულისხმობს. კრემლი უკან არ იხევს, მას ორი მომენტისადმი რწმენა აქვს: პირველი - უკრაინელები, ბოლოსდაბოლოს,  დაინახავენ და გაიაზრებენ, რომ 15-20% ტერიტორიის დაბრუნება ძალიან ძვირი უჯდებათ; მეორე - თავის მხრივ, დასავლეთსაც მობეზრდება უკრაინის დასახმარებლად დიდი ხარჯების გაწევა, ფული მას სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საშინაო თუ საგარეო პრობლემების მოსაგვარებლადაც ჭირდება“.

როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე რაიმე სერიოზული გარდატეხა არ მოხდება, მაგრამ ამავე დროს, უკრაინისათვის აუცილებელია, რომ რაღაც შედეგები აჩვენოს, რათა დასავლეთმა 2024 წლის შემდეგ დახმარება გააგრძელოს.

„უკრაინამ გარკვეულ თვალსაჩინო წარმატებას უნდა მიაღწიოს, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს ამერიკელებს და ევროპელებს მიმართოს: „ბიჭებო, მართალია, ბრძოლა ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ შეხედეთ - იმ იარაღით, რომლებიც თქვენ მოგვეცით, საკმარისი გავაკეთეთ. ახლა თქვენზეა დამოკიდებული, რომ დახმარება გააგრძელოთ და 2024 წლისათვის იმედი არ დავკარგოთ“, - ამბობს ჯეიმს ში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ამჟამად „ჩეთემ-ჰაუსში“ ექსპერტად მუშაობს.

„ვფიქრობ, უკრაინელებისათვის საფრთხე იმაშია, რომ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდებიან - მცირე ტერიტორიას გაათავისუფლებენ, მაგრამ ამ დროს დასავლურ იარაღს მაქსიმალურად დაკარგავენ“, -  აღნიშნავს ჯეიმს ში.

მოვლენების ამგვარი განვითარებით კარგად ისარგებლებენ ის კრიტიკოსები, რომლებიც საომარი მოქმედებების გაგრძელების წინააღმდეგნი არიან. ისისნი იმედოვნებენ, რომ საზოგადოება სულ უფრო უკმაყოფილო იქნება კიევის დაფინანსების გამო. გარდა ამისა, დასავლეთსაც პრობლემები გაუჩნდება (უკვე არის ამის სიპტომები) იარაღის წარმოებისა და მიწოდების საკითხში.

მართალია, დასავლეთი მტკიცედ აცხადებს, რომ უკრაინას იმდენ დახმარებას გაუწევს, რამდენიც საჭიროა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუსეთიც დათმობას არ აპირებს, - ამბობს გენერალი რიჩარდ ბერონსი. მისი აზრით, დღეს პრაქტიკულად არანაირი შანსი არ არსებობს იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება დაიწყოს.

„შეხვედრა ჯიდაში: სინათლე გვირაბის ბოლოს? საეჭვოა“

გასულ შაბათ-კვირას 40 ქვეყნის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელებმა, ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შეხვედრა გამართეს, რომ ის საკვანძო პრინციპები შეეთანხმებინათ, რომელიც ომის სამომავლო შეწყვეტისა და სიტუაციის დარეგულირების საფუძველი გახდება.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მასპინძელ ქვეყანას - საუდის არაბეთს - შეხვედრაზე რუსეთი არ მიუწვევია. შესაბამისად, ექსპერტებმა სამიტის შედეგები ორჭოფულად შეაფასეს, ხოლო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი ჯიდას შეხვედრიდან რაიმე მნიშვნელოვან შედეგს არ ელოდება.

„რაღაც მომენტში უკრაინას მოუწევს გადაწყვიტოს - გააგრძელოს სამხედრო მოქმედება თუ სხვა გამოსავალი იპოვოს ისე, რომ დამარცხება არ აღიაროს“, - ამბობს რიჩარდ ბერონსი, - კიევისათვის ერთ-ერთი გამოსავალია დროებითი ზავი, ცეცხლისა და საომარი მოქმედებების  შეწყვეტა, ანუ ეს არ იქნება კონფლიქტის დასრულება.

ვარიანტები და დასავლეთის მიდგომები

„უკრაინას შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს - კიევი ამისათვის მნიშვნელოვან დახმარებას იღებს. არის მეორე მომენტიც - კიევმა საბრძოლო მოქმედებები გაყინოს, მაგრამ ამ სიტუაციამდე ჯერ შორსაა. არსებობს კიდევ რაღაც შუალედური ვარიანტი: ომი ჩიხში შედის, მხარეები ერთმანეთს „კუშტად უმზერენ“ და იმდენად არიან გადამტერებულები, რომ მტრობა თაობებს გაჰყვება. მათ, პრინციპში, არ სურთ მაგიდაზე დაჯდომა, მაგრამ იძულებულნი ხდებიან. დაიდება დროებითი ზავი, რაც მტრობის შეწყვეტას არ ნიშნავს, მაგრამ სისხლისღვრა და ნგრევა შეჩერდება, - ამბობს რიჩარს ბერონსი და იმოწმებს საბერძნეთ-თურქეთის პრეცედენტს კვიპროსთან დაკავშირებით.  მსგავსი პატური სიტუაციაა შექმნილი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორისაც, რომლებიც „ცივი მშვიდობის“ პრინციპებს იცავენ.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არაოფიციალურად უკრაინისადმი დახმარების გაგრძელება არ სურს, მაგრამ იმ ფონზე, როცა ვაშინგტონმა კიევს 40 მილიარდი დოლარი აღუთქვა, ევროპელები ხვდებიან, რომ ფსონების თამასა ძალიან მაღალია. „ისინი აცნობიერებენ ამ ომის სტრატეგიულ ასპექტს და ხედავენ, რომ ამ დროს საქმე ეხება არამარტო მოსკოვისა და კიევის დაპირისპირებას, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, მთლიანად დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების პერსპექტივას“, - აღნიშნავს რიჩარდ ბერონსი, - „და ეს ხდება მაშინ, როცა ჩინეთი დაკვირვებით თვალს ადევნებს - ეყოფათ თუ არა აშშ-სა და ევროკავშირს გაბედულება თავიანთი ინტერესების დასაცავად. ასეთ სტრატეგიულ კონტექსტში ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ჩვენ უკრაინას მხარი მომავალშიც უნდა დავუჭიროთ, მაგრამ... ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.cnbc.com/2023/08/07/when-and-how-will-ukraines-war-with-russia-end.html

 

თბილისი
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის