USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«CNN» (აშშ): „ისრაელის ისტორია მოწმობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვისაც, „ჰამასის“ შეტევის გამო, საათმა დროის ათვლა დაიწყო“
თარიღი:  476

ამერიკული ტელეკომპანიის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ისრაელის ისტორია მოწმობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, „ჰამასის“ შეტევის გამო, საათმა დროის ათვლა დაიწყო“ (ავტორი - ელიოტ გოტკინი), რომელშიც გაანალიზებულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური საქმიანობის სპეციფიკა და მისი სახელისუფლო პერსპექტივა „ჰამასის“ შეტევასთან დაკავშირებით: დარჩება თუ არა იგი ომის შემდეგ ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელად?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბენიამინ ნეთანიაჰუს მისი 30-წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში იმდენი მეტსახელი დაარქვეს, რამდენჯერაც მან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მას უწოდებენ „ჯადოქარს“ - იმიტომ, რომ ზებუნებრივ უნარს ფლობს ხელიდან გამოგლიჯოს ოპონენტს გამარჯვება სწორედ მაშინ, როცა იგი საბოლოოდ დამარცხებული ჰგონიათ. მას უწოდებენ „მეფე ბიბის“ - იმიტომ, რომ იგი ისრაელის პოლიტიკის მწვერვალზეა ყველაზე უფრო დიდხანს, ვიდრე ოდესმე ვინმე ყოფილა. მას ხშირად უბრალოდ „ბიბი“-საც უძახიან - ისე, შინაურულად... მაგრამ არის კიდევ ერთი მეტსახელი, რომელიც მას პირადად ძალიან მოსწონს და რომელიც დღეს „ნაკუწებად არის ქცეული“ – „მისტერ უსაფრთხოება“.

რატომ წაუვიდა საქმე ასე ცუდად „მისტერ უსაფრთხოებას“?

ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ როგორ მოახერხა ათასზე მეტმა „ჰამასელმა“ მებრძოლმა მთელი ისრაელის ანაზდეულად ჩაგდება შოკურ მდგომარეობაში, როგორ მოახერხა ებრაული სახელმწიფოსათვის სიკვდილისმთესველი დარტყმის მიყენება. როგორც პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა თქვა, ჩვენს დროში, ერთი დღის განმავლობაში, იმაზე მეტი ებრაელი დაიღუპა, ვიდრე ჰოლოკოსტის დროს ყოველდღიურად იღუპებოდნენო.

მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგები, ჯერ-ჯერობით, მის გადადგომას არ ითხოვენ: „მე არ ვაპირებ იმის გარკვევას, თუ ვინ არის დამნასავე და რატომ ჩავვარდით უეცრად ასეთ მდგომარეობაში, - ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად კი ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი, - ახლა არც ამის დროა და არც ადგილი“.

მაგრამ პასუხისმგებლობის დრო აუცილებლად დადგება და ბრალის წაყენების ადგილიც გამოინახება. ისრაელის ტელეკომპანიის „ჰევრათ ჰა-ჰადაშოთის“ მთავარი პოლიტიკური მიმომხილველის ამიტ სეგალის თქმით, გასაკვირი იქნება, თუ ბიბი ომის დასრულების შემდეგაც დარჩება პრემიერ-მინისტრის სავარძელში. „ეს შექმნის ეროვნულ პრეცედენტს, - აღნიშნა ამიტ სეგალმა „სი-ენ-ენ“-თან საუბარში, - „ისრაელის ისტორია გვასწავლის, რომ ყოველი მოულოდნელობა და ყოველი ღრმა კრიზისი გარდაუვლად იწვევს მთავრობის კრახს. ასე იყო 1973 წელს („განკითხვის დღის“ – „იომ-ქიფურის“ ომის შემდეგ) პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირის მიმართ, ასე მოხდა 1982 წელს ლიბანთან პირველი ომის შემდეგ, როცა პრემიერი ეხუდ ოლმერტი გადადგა. ბენიამინ ნეთანიაჰუსთვისაც საათი უკვე დროს ითვლის...“.

ისტორია ბევრ სასარგებლო მაგალითს გვაძლევს შედარებისათვის. სულ ბოლოს ისრაელის სპეცსამსახურებმა ასეთი მასშტაბის ფიასკო ასეთი დანაკარგებით მხოლოდ ნახევარი საუკუნის წინათ განიცადეს, როცა ეგვიპტე და სირია ისრაელს მოულოდნელად თავს დაესხნენ და „განკითხვის დღის“ ომი დაიწყეს.

„მაგრამ ის ომი დღევანდელისაგან განსხვავდება თავისი ლოგიკით და წესებით“, - ამბობს ისრაელის დემოკრატიის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი იოჰანან პლეიშნერი, - 1973 წლის ომის შემდეგ ჩვენ მოვილაპარაკეთ ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათთან და სამშვიდობო შეთანხმება დავდეთ, რომელიც ქნესეთის უმრავლესობამ მოიწონა. ახლა კი ჩვენ „ჰამასთან“ მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა“.

თუმცა რაღაც გარკვეული მოლაპარაკებითი პროცესი, ვთქვათ, შუამავლების მეშვეობით, მაგალითად, ეგვიპტის ჩარევით, ალბათ, გარდაუვალია. მართალია, ისრაელი ულმობლად ბომბავს ღაზას სექტორს, ახდენს ანკლავის სრულ ბლოკადას და სავარაუდო შეჭრისათვის ემზადება „ჰამასის“ გასანადგურებლად, ბენიამინ ნეთანიაჰუს მაინც დაჭირდება იპოვოს და ისარგებლოს რაღაც საშუალებით იმ ასობით მძევლის გასათავისუფლებლად, რომლებიც „ჰამასელ“ ტერორისტებს ღაზას სექტორში ჰყავთ წაყვანილი.

ბენიამინ ნეთანიუაჰუსათვის ასეთი საკიტხის მოგვარება საკმაოდ ზნელი იქნებოდა იმ დროსაც კი, როცა იგი საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა. დღეს კი მისი სკანდალური რეფორმის წინააღმდეგ მიმართულმა ათთვიანმა პროტესტებმა საზოგადოება ორად გაჰყო. მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღზრული, იგი ბევრჯერ იდგა პოლიტიკური „კლინიკური“ სიკვდილის წინ... „ბიბის“ რეპუტაცია შეირყა, იგი გაწამებულია დიდი პრობლემებით. ამასთან, საეჭვოა იგი დამშვიდდეს იმ ფაქტით, რომ „ჰამასის“ შეტევამ ისრაელი გააერთიანა. „ისრაელი დღეს ყველაზე ნაკლებად ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობს“, - ამბობს იოჰანან პლეიშნერი, რომელიც ადრე ისრაელის არმიაში მსახურობდა და ახლა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის რეზერვშია მაიორის წოდებით.

გავიხსენოთ ის მომენტები, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ უთვალავჯერ „ჩამოწერეს უტილში“ უპერსპექტივო პოლიტიკოსის სახით, მაგრამ იგი, ფანტასტიკური ტერმინატორის მსგავსად, ბრუნდებოდა და ოპონენტებს ანადგურებდა. მაგრამ დღეს სიტუაცია სხვაგვარადაა - ახლა იგი იძულებულია ომი რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში აწარმოოს, თანაც მრავალრიცხოვანი  პრობლემების ფონზე.

„სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე აქცენტის გადატანა ბიბის ვერ დაეხმარა. საზოგადოებამ რეფორმა არ მიიღო“, - ამბობს ამიტ სეგალი, - ამასთან, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სწორედ რეფორმაზე ყურადღების გადატანამ გამოიწვია მთავრობის მოდუნება უსაფრთხოების საკითხების მიმართ, მაგრამ ეს ასე არ არის. „ჰამასმა“ შეჭრისათვის მზადება, როგორც ჩანს, სულ მცირე, წელიწადნახევრის წინ მაინც დაიწყო, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ ოპოზციაში იყო. შეცდომა იმაში გამოიხატება, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრს ეგონა - „ჰამასი“ დამშვიდდა და ახლა ეკონომიკურ დათმობებზე და ბლოკადის შერბილებაზე ფიქრობსო. არადა, ადრე ახლანდელი პრემიერი პირდაპირ და დაუფარავად ამბობდა: „ჰამასს“ ღაზაში ნაცისტური რეჟიმი აქვს დამყარებული, მას ჩვენი სიკვდილი სურს. არ შეიძლება მონსტრთან ერთად ეზოში ცხოვრება, ის უნდა განადგურდეს“.

შეძლებს თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის თავდაცვის არმია მონსტრის მოკვლას? ეს უახლოეს დღეებში ან კვირეებში გახდება ცნობილი. ამჟამად მას წარმატებით შეუძლია ეროვნული ერთიანობის „საგანგებო“ მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ პრემიერს გადადგომის საფრთხისაგან დაიცავს. ახლო პერსპექტივაში ასეთ ნაბიჯს შეუძლია ნეთანიაჰუს მთავრობაში „ექსტრემისტები“ და „უუნაროები“ გამოავლინოს და გარიყოს. ისინი მარგინალები გახდებიან, მაგრამ მათი იდეები იცოცხლებენ.

„ჰამასის“ შეტევის ეფექტით გამოწვეული სულიერი რყევა და მრისხანება იმდენად დიდია, რომ ისრაელის ამომრჩევლებს შეიძლება რადიკალური იდეები გაუჩნდეთ. „მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ ტერორისტებს ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს, - ამბობს იოჰანამ პლეიშნერი, - ეს ადამიანები გამოდიან იქიდან, რომ ბრძოლა შეურიგებელი და დაუნდობელი უნდა იყოს: ან ჩვენ, ან ისინი“. ამ ფონზე, შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „მშვიდობიანად“ გადაიტანოს ძნელი პერიოდი, მაგრამ რა მოხდება ომის დასრულების შემდეგ? „მისტერ უსაფრთხოებამ“ შეიძლება წარუმატებლობა განიცადოს და სიტუაციიდან  თავი ძველებურად ვეღარ დაიძვრინოს.

წყარო: https://edition.cnn.com/2023/10/10/middleeast/hamas-attack-crisis-benjamin-netanyahu-intl/index.html

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.