USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«الشرق الأوسط» (საუდის არაბეთი): „აზერბაიჯანი - კავკასიის ომისა და მშვიდობის გასაღები“
дата:  581

საუდის არაბეთის გაზეთი „აშ-შარკ ალ აუსატი“ (الشرق الأوسط - იბეჭდება როგორც ერ-რიადში, ასევე ლონდონში და მსოფლიოს რიგ ქალაქებში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „აზერბაიჯანი - კავკასიის ომისა და მშვიდობის გასაღები“ (ავტორი - შაუკი არ-რაიესი), რომელშიც სამხრეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობა, კერძოდ, აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობა არის განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, სომხეთში თითქმის 100 ათასამდე ყარაბაღელი სომეხის მიგრირება განხორციელდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე გამოსვლისას პირდაპირ განაცხადა, რომ სომხეთს აზერბაიჯანის ისტორიული მიწა-წყალი აქვს დაკავებული და რომ აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გააგრძელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ზანგეზურის  დერეფნის (იგულისხმება ნახიჩევან-ბაქოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი, რომლის მცირე მონაკვეთი მეგრის რაიონში სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის) აუცილებლად განახორციელებს.

ეს განცხადებები, აგრეთვე ის სწრაფი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები, რომელთა მოწმე სამხრეთი კავკასია ბოლო წლებში გახდა, აჩვენებს, თუ რატომ არის ახალი ომი თითქმის გარდაუვალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ანალიტიკოსების საერთო აზრით, კავკასიაში ყოველი მცირე დაპირისპირებაც კი შეიძლება სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდოს - ამ რეგიონში უამრავი „გაყინული“ და „მთვლემარე“ კონფლიქტი არსებობს. მით უმეტეს, რომ კავკასიაში თავიანთი გავლენის განმტკიცებას ცდილობენ როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული სახელმწიფოები და ისინიც, რომლებიც შავ და კასპიის ზღვებს შორის მოქცეული ტერიტორიიდან შორს მდებარეობენ.

სამხრეთ კავკასიის წარსულიდან: ომები და ზავები

საკმარისია უბრალოდ თვალი გადავავლოთ რეგიონის ისტორიას, რომ სიტუაციის სირთულე გავაცნობიერთ. კავკასიური ეთნიკური და რელიგიური სიჭრელე იმ ფაქტორებს წარმოადგენენ, რომლებსაც, გარკვეული დროის დადგომისას,  შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში დენთის კასრთან მიტანილი პატრუქის როლი შეასრულონ.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ ომებში თითქმის 40 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონამდე მცხოვრები იძულებითი მიგრანტი გახდა. კავკასიაში ერთმანეთში არიან შერეულნი ისეთი კულტურები და ხალხები, რომლებიც 50 ენაზე ლაპარაკობენ და სამ აბრაამისეულ რელიგიას (იუდაიზმს, ქრისტიანობას და ისლამს) მისდევენ. ეს ხალხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ გვერდი-გვერდ, მათ ურთიერთობაში ერთმანეთს ცვლიდნენ ომები და ზავები, შფოთიანობა და მშვიდობა, მაგრამ განსაკუთრებით სისხლისმღვრელი გახდა მეოცე საუკუნის მიწურული, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ერევანი სომხეთის დედაქალაქია, სადაც ამჟამად მხოლოდ სომეხი ქრისტიანები ცხოვრობენ. მე-19 საუკუნეში კი ერევნის მოსახლეობის უმეტესობას აზერბაიჯანელები („თათრები“) შეადგენდნენ. ბაქოში, აზერბაიჯანის დრევანდელ დედაქალაქში, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის ნახევარი ეროვნებით რუსი იყო, სომხები კი - მესამედი. თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, იმ დროისთვის ბევრი სომეხი ცხოვრობდა, მოსახლეობის თითქმის 40%. დღეს აზერბაიჯანელები ირანის მოსახლეობის 18%-ს შეადგენენ - ისინი სისტემატიურ რეპრესიებს განიცდიან თეირანისაგან, რაც აზერბაიჯანისა და ირანს შორის დაძაბულობას ქმნის - 2023 წელს ორ მეზობელს შორის მცირე ხნით ურთიერთობაც კი გაწყდა.

მთიანი „შავი ბაღის“ კრიზისი

თვით დასახელება „მთიანი ყარაბაღი“ (ანუ მთიანი შავი ბაღი) კარგად მიანიშნებს იმას, რომ ამ რეგიონს რთული ისტორია აქვს. აქ, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხრეთში, ერთმანეთს ცვლიან ნაყოფიერი და თბილი დაბლობ-ვაკეები და ცივი მაღალი მწვერვალები. გვიანი შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ყარაბაღი ერთგვარი ავტონომიით სარგებლობდა: მას მართავდნენ სომხური და აზერბაიჯანული დინასტიები, რომლებიც, თავის მხრივ, ემორჩილებოდნენ ჯერ სპარსეთის შაჰებს, შემდეგ კი რუსეთის იმპერატორებს. მიუხედვად იმისა, რომ 1921 წლისათვის ყარაბაღის მოსახლეობის უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ, საბჭოთა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ეს რეგიონი აზერბაიჯანის სსრ-ს მიაკუთვნა.

დღეს სამხრეთ კავკასიაში, სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს აზერბაიჯანი წარმოადგენს, რომელსაც აქვს ნავთობი და სხვა მნიშვნელოვანი მინერალური რესურსები. ილჰამ ალიევის რეჟიმს, რომელიც აზერბაიჯანს „რკინის ხელით“ მართავს, უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო კავშირები აქვს როგორც თურქეთთან, ასევე ისრაელთან და აშშ-სთან. ბაქომ მოახერხა და ფართო სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთანაც.

„მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი

ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ აზერბაიანი თავის ეკონომიკურ ინტერესებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სომხეთის გეოგრაფიულ ამბიციებს და აზერბაიჯანელების მდგომარეობას ირანში.

„მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელიც სომხეთის ხელისუფლების მიერ არის შემუშავებული, უკვე რამდენიმე თვეა რეგიონის სახელმწიფოების ლიდერებს მაგიდაზე უდევთ და „მწვანე შუქს“ ელოდება საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობის აღსადგენად.

„აშკარაა, რომ ჩვენი რეგიონი - სამხრეთი კავკასია - მშვიდობის დამყარებას საჭიროებს. და რას ნიშნავს მშვიდობა? ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა ქვეყნები ღია საზღვრებით ცხოვრობენ, როცა ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობებით, როცა არსებობს სურვილი და გამოცდილება იმისა, რომ პრობლემები დიპლომატიური გზით და დიალოგით მოგვარდეს. აი, ასეთია ნამდვილი მშვიდობა. შესაბამისად, ეს ყველაფერი - ღია საზღვრები, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირები -  გზების გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმ ნიკოლ ფაშინიანმა  თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის წარდგენისას.

პროექტი მიმართულია გადასასვლელების გახსნისათვის როგორც სომხეთ-თურქეთის, ასევე სომხეთ-აზერბიჯანის საზღვრებზე, მასში გათვალისწინებულია სამი ახალი დამატებითი საკონტროლო-გამსვლელი პუნქტის შექმნაც სომხეთ-საქართველოს საზღვარზე. ასევე იგეგმება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა თურქეთთან, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროიდან არსებობდა და შემდეგ საბჭოთა ეპოქაშიც მოქმედებდა (გიუმრი-ყარსის რკინიგზა), ახალი გზების მშენებლობა (ირანის თავრიზიდან თბილისამდე და ბაქოდან ერევნამდე და ყარსამდე). ამით გაიოლდება ინდოეთის ოკეანის (სპარსეთის ყურის), კასპიის, შავ და ხმელთაშუა ზღვების ნავსადგურების ერთმანეთთან კავშირი.

ამ პროექტით დაინტერესებულია რეგიონის ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი თურქეთი და ირანი, რომლებიც მეზობლებთან თავიანთი პროდუქციის ექსპორტს ესწრაფვიან. პროექტის რეალიზება დამოკიდებულია მტკიცე მშვიდობის დამყარებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მშვიდობის გასაღები კი ბაქოს ხელშია: აზერბაიჯანს არა მარტო სამხედრო უპირატება აქვს, არამედ დარწმუნებულიც არის, რომ რეგიონული და უცხო სახელმწიფოები თითსაც ვერ გაანძრევენ და ერთ სიტყვასაც ვერ იტყვიან ბაქოს წინააღმდეგ, თუ აზერბაიჯანი ახალ სამხედრო ნაბიჯებს გადადგამს თავისი გაცხადებული მიზნის განსახორციელებლად.

გარდა ამისა, თურქეთი, რომელსაც აზერბაიჯანთან კულტურული და ენობრივი ახლო კავშირები აქვს, ბაქოს თანხმობის გარეშე, სომხეთთან ურთიერთობის არანაირ ნორმალიზებას არ დათანხმდება.

კრემლი: უპირატესობა აზერბაიჯანს

რუსეთის ინტერესები კი, თავის მხრივ, იცვლება: კრემლი მეტად აღარ არის მზად იმისათვის მზად, რომ აზერბაიჯანთან არსებული თავისი ურთიერთობები სომხეთთან ურთიერთობებს შეწიროს, რაზედაც ყარაბაღის ბოლო ომის შედეგები მოწმობს. აზერბაიჯანმა არამარტო უბრალოდ გაიმარჯვა, არამედ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სრულად დაიბრუნა და აკონტროლებს. განაწყენებული სომხეთი რუსეთისაგან დისტანცირდება, მაგრამ შორს ვერ მიდის.

წყარო:https://aawsat.com/

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати