USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
«Новые Известия» (რუსეთი): „უნებლიე რელოკანტები: როგორ ცხოვრობენ საქართველოში ომში გაწვევიდან თავის არიდების მიზეზით გამოქცეულები“
თარიღი:  327

რუსულ გაზეთ „ნოვიე იზვესტიაში“ (Новые Известия) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უნებლიე რელოკანტები: როგორ ცხოვრობენ საქართველოში ომში გაწვევიდან თავის არიდების მიზეზით გამოქცეულები“ (ავტორი - ანდრეი ბერეცი), რომელშიც განხილულია საკითხი საქართველოში რუსი მიგრანტების ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 ერთი შეხედვით, მართლაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ რუსებს საქართველოში მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ ელოდებიან. სახლების კედლებზე, ნაგვის ყუთებზე და მესერებზე, განსაკუთრებით თბილისი ცენტრალურ რაიონში - სოლოლაკში, საკმაოდ ბევრია უცენზურო ანტირუსული წარწერები ინგლისურ ენაზე.

თვალშისაცემია აგრეთვე მრავალრიცხოვანი უკრაინული დროშები და კიევის მხარდამჭერი ლოზუნგები, თუმცა, არცთუ იშვიათად, როცა გაიგებენ, რომ ტქვენ რუსეთიდან ხართ, ადგილობრივი მცხოვრებლები მოგიყვებიან, თუ რუსეთის რომელ ქალაქში არიან ნამყოფნი, იქ რამდენ ხანს ცხოვრობდნენ და როგორი კარგი მეგობრები და ნაცნობები ჰყავთ.

ენობრივი ბარიერი ქართველებთან იშვიათად თუ წარმოიქმენა ხოლმე - რუსულ ენას ფლობენ არამარტო ისინი, ვინც სსრკ-ის პერიოდშია დაბადებული, არამედ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაც. რაც შეეხება Y და Z თაობებს, ისინი მთლიანად ინგლისურზე არიან გადასულნი - ისევე როგორც მათი რუსი თანატოლები.

რუსეთიდან საქართველოში და უკან

2022 წლის მარტში და განსაკუთრებით სექტემბერში, „რელოკანტებისათვის“ მთავარი პრობლემა გახდა იაფფასიანი საცხოვრებლის მოძიება. იმ დროს ბევრი 5-6 კაციანი ჯგუფების სახით ცხოვრობდნენ ოროთახიან ბინებში, ხოლო ქალაქის გარეუბანში მდებარე ცალკე სახლში 20-30 რუსს შეეძლო ერთდროულად ცხოვრება.

„როცა რუსეთს სასწრაფოდ ვტოვებდით, ჩვენ მეგობარს დავუკავშირდით, რომელიც თბილისში უკვე ერთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა“, - ჰყვება 32 წლის რუსი, სახელად სავლე, ობნინსკიდან, - ჩამოვედით, თანამოაზრე სხვა რუსებიც შემოგვემატნენ და სარემონტო კომპანია გავხსენით“.

სავლე საქართველოში ცოლთან - მარიანასთან ერთად არის. მას საქართველოში უკვე შვილიც დაებადა. სავლემ და მარიანამ უკვე საკმაოდ კარგად შეისწავლეს ქართული ენა და რუსეთში დაბრუნება არ სურთ. თუმცა არიან სხვა რუსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთში უკეთესად ცხოვრობდნენ, საქართველოში ყოფნით კი, უბრალოდ, დროს კარგავენ - ცხოვრება ძვირია და სამუშაოც ნაკლებია.

სხვათა შორის, იმ იღბლიანებსაც კი, რომლებმაც მოახერხეს და საქართველოში ბინადრობის უფლება მიიღეს, ყოველთვის არ სურთ თავიანთი ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება კავკასიურ სახელმწიფოსთან. საქართველო იოლად არ აძლევს უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ლეგალიზების უფლებას. ბინადრობის მოწმობის მიღების ორი ყველაზე პოპულარული წესი ასეთია: პირველი - უნდა ფლობდე უძრავ ქონებას  100 ათასი დოლარის ფასის მქონეს და მეორე - ბიზნესით უნდა იყო დაკავებული, 18 ათას დოლარიანი წლიური ბრუნვით. ბევრმა მეორე ვარიანტით ისარგებლა, თუმცა მათ ნაწილს უკან დაბრუნება სურს.

2022 წლიდან რუსული რუბლი ქართულ ლართან შედარებით ერთნახევარჯერ გაიაფდა. მზარდ ინფლაციის გათვალისწინებით, რუსებისათვის საქართველოში ცხოვრება გაძვირდა. ამიტომ ისინი, ვინც თბილისიდან დისტანციურად მუშაობდა რუსულ კომპანიებში, ბევრი უკან დაბრუნდა.

რუსული ბიზნესის თავისებურებები საქართველოში

რუსეთიდან ჩასულები საქართველოში არა იმდენად სხვის სამუშაო ადგილებს იკავებენ, არამედ უფრო მეტად თვითონ ქმნიან სამუშაო ადგილებს. საქართველოში ძალიან იოლია კომპანიის შექმნა - მიხვალ იუსტიციის სახლში, წარადგენ ორიოდე დოკუმენტს და შეგიძლია კომპანიაც აამუშაო. ამ მხრივ ქართული „იუსტიციის სახლები“, სიჩქარით და მომსახურების დონით, ბევრად სჯობნიან რუსეთის „მრავალფუნქციურ ცენტრებს“.

ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ქართული საგადასახადო სისტემაც. 200 ათასევროიანი ბრუნვის მქონე საწარმო წელიწადში მხოლოდ 1%-იან გადასახადს იხდის.

მაგრამ არის მინუსებიც: საქართველოში გავრცელებულია ძარცვები, განსაკუთრებით მაღაზიებისა და კაფე-რესტორნების სალაროების გატეხვა ღამ-ღამობით. 14 წლის მოზარდებს ჩადენილი ამგვარი დანაშაულისათვის არანაირი სისხლის სამართლის პასუხიმეგებლობა არ ეკისრებათ - ჰოდა, ძარცვისათვის უფროსები მოზარდების სტატუსით სარგებლობენ.

2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დონებ სოლიდური წლიური ზრდა აჩვენა - 10% და ეს მოხდა რუსების მიგრაციის ხარჯზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფულის გადმორიცხვების რაოდენობაც, თუმცა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, როცა რუსების საკმაო რაოდენობა უკვე რუსეთში დაბრუნდა, ფულის გადმორიცხვები 66%-ით დაეცა. ამასთან საქართველოს ეკონომიკა მტკიცე ზრდის ტემპებს დემონსტრირებს - წლიურად 9%-ს, რაშიც, სავარაუდოდ, რუსების როლიც არის.

საქართველო - ტრამპლინი დასავლეთისკენ

რუსები, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილნი, შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: პირველებს აქ ცხოვრება და ამ ქვეყნის ბედის გაზიარება სურთ, მეორენი კი საქართველოს ტრამპლინად თვლიან ევროპაში და ამერიკაში წასასვლელად

რაც დროს გადის, მით უფრო ბევრი რუსი დადის რუსეთში და რამდენიმე დღის (კვირის)  შემდეგ ისევ საქართველოში ბრუნდებიან. ზოგიერთები რუსეთში იმ მიზნით მიემგზავრებიან, რომ იქ რაღაც შეღავათები გაიფორმონ და რუსული სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფული მიიღონ, მაგალითად, „დედის კაპიტალის“ მეშვეობით, ან უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარონ სახელმწიფო დაზღვევის ხარჯზე.

საქართველოში დარჩენა სურთ ძირითადად ბიზნესის მქონეებს, შემოქმედებითი და ხელოსნური პროფესიის ადამიანებს. ევროპაში და ამერიკაში წასვლა სურთ „აიტი“-შნიკებს, ფინანსისტებს, მართვის პროფესიონალებს. ისინი თვლიან, რომ დასავლეთის ქვეყნებში უფრო მოახდენენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას.

ბევრ რუსს ადგილობრივ მოსახლეობასთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ, მაგრამ, რასაკვირველია, ისინი უფრო თანამემამულეებთან უფრო მეტ საერთო ენას პოულობენ. ზაფხულის პოპულარული გართობები - „მწვადის პიკნიკები“, ლაშქრობები და ველოტურები, ზამთრობით - თხილამურები და სნოუბორდი. არსებობენ გასართობი კლუბები სხვადასხვა თამაშებით.

საქართველოში რუსები და ბელორუსები, შეიძლება ითქვას, ერთ ბედქვეშ არიან, თუმცა ბელორუსები იქ უფრო ადრე ჩავიდნენ, 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ზოგიერთებს სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაიჭერენ და თავს ციხეში უკრავენ. ბელარუსები რუსებბს ნახევრად ხუმრობით საყვედურობენ: „თქვენთან მობილიზაცია იყო და დასრულდა, ჩვენთან კი საქმეებია შედგენილი ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო, ამიტომაც უკან გზა არ გვაქვს“.

საქართველოში ბინები რელოკანტების გამო გაძვირდა?!

2022 წელს საქართველოში, სხვადასხვა მონაცემებით, 100 ათასამდე რუსი ჩავიდა. მათი რაოდენობის ცვლილების დინამიკას ბინების დაქირავების ბაზარი დემონსტრირებს. 2022 წელს ფასები ორჯერ ძალიან გაიზარდა - თებერვალ-მარტში და სექტემბერ-ოქტომბერში: იმ დროს ოროთახიანი ნორმალურად გარემონტებული ბინის დაქირავება  თვეში მხოლოდ 1300-1500 დოლარად შეიძლებოდა. მაგრამ უკვე 2023 წლს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 30 ათასით ნაკლები რუსი შევიდა, ვიდრე გავიდა. იგივე ოროთახიანი ბინის დაქირავება უკვე 750-800 დოლარად შეიძლებოდა. გაძვირების ტენდენცია შეიმჩნეოდა საცხოვრებელი ბინის ყიდვის სფეროშიც.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რუსების ცხოვრება მოსათმენია და ხშირად სასურველიც - რბილი კლიმატი, სასმელ-საჭმელი, თანაც რუსეთი ხომ აქვეა, კავკასიის მთების გადაღმა...

წყარო: https://newizv.ru/news/2024-08-24/relokanty-ponevole-kak-uehavshie-ot-svo-rossiyane-zhivut-seychas-v-gruzii-432293

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.