USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
თბილისი
«Независимая газета» (რუსეთი): „აფხაზეთი საქართველოსთან ვაჭრობის ფრთხილ აღდგენას იწყებს“
თარიღი:  856

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტას“ (Независимая газета) 20 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აფხაზეთი საქართველოსთან ვაჭრობის ფრთხილ აღდგენას იწყებს“ (ავტორი - იური როქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აფხაზეთმა ნაწილობრივ გააუქმა საქართველოდან შეტანილ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო ფიზიკური პირებისათვის: პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაამტკიცა 14 პოზიცია, რომლის იმპორტი აფხაზეთში ლეგალურად შეიძლება. მართალია, დოკუმენტი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მას ხელი ჯერ კიდევ 31 მარტს მოეწერა.

ემბარგო საქართველოდან შეტანილ ტვირთებზე აფხაზეთის ხელმძღვანელობამ 2007 წელს შემოიღო, სერგეი ბაღაფშის ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც ქართული ჯარის კოდორის ხეობაში შეყვანამ გამოიწვია. იმ პერიოდიდან მოყოლებული, აფხაზეთი ძირითადად რუსეთთან ვაჭრობდა და რუსული პროდუქციის იმპორტს ახდენდა.

მაგრამ მას შემდეგ „ბევრმა წყალმა ჩაიარა“, დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. აფხაზური სტრატეგიის გადახედვას ბიძგი მისცა რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა - აფხაზეთს სატრანზიტო ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა გაუჩნდა, თუმცა, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები საკმაოდ ფრთხილია: ასლან ბჟანიას მიერ დამტკიცებულ ჩამონათვალში შევიდა მცენარეების ნერგები, თესლი, შინაური ფრინველი, პირუტყვის საკვები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები, ძრავის ზეთი და სხვა მოწყობილობები.

როგორც აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალიას ლაბახუამ განმარტა, ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებენ მხოლოდ ფიზიკური პირები, მათ ფაქტიურად მხოლოდ იმდენი ტვირთის გადატანის უფლება მიეცათ, რამდენიც ავტომანქანის საბარგულში ჩაეტევა, კერძო კომპანიებისათვის (იურიდიული პირებისათვის) კი ემბარგო კვლავ ძალაში რჩება.

როგორც აფხაზი პოლიტოლოგი, გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდის“ მთავარი რედაქტორი  ინალ ხაშიგი ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან საუბარში, „მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-აფხაზური ომი 30 წლის წინ დასრულდა, ყოველი აფხაზური მთავრობა საქართველოსთან ვაჭრობას ფრთხილად უდგება. არადა, ვაჭრობა, ოფიციალური ემბარგოების მიუხედავად, პრაქტიკულად არ შეწყვეტილა, აფხაზური ბაზარი სავსე იყო კონტრაბანდული პროდუქციით. იყო მცდელობები სიტუაციის შეცვლის მიზნით, ვაჭრობის ლეგალიზებისათვის, მაგრამ მსგავს განზრახვებს დღესაც აქტიურად ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოების  ნაწილი, რომლის წარმომადგენლების აზრით, „მტერთან ვაჭრობა არ შეიძლება“.

ამიტომაც, ინალ ხაშიგის თქმით, არალეგალურად არსებული ვაჭრობის ლეგალიზება არ მოისურვა არც ალექსანდრე ანქვაბმა და არც რაულ ხაჯიმბამ. ალბათ, სიტუაცია არც ახლა შეიცვლებოდა, რომ არა რუსეთის მიერ დაწყებული „სპეცოპერაცია“ უკრაინის წინააღმდეგ. „სპეცოპერაციამ“ ბევრ საკითხის კორექტირება მოახდინა, მათ შორის სავაჭრო მარშრუტებისაც. რუსეთისათვის გამოცხადებული სანქციების გამო ბევრი პროდუქტი აფხაზეთში საქართველოს გავლით შემოდის, ამიტომაც პრეზიდენტს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მოუწია, თუმცა შეზღუდვები მაინც რჩება“.

თბილისში აფხაზეთთან სავაჭრო კავშირების აღდგენას პოზიტიურ მოვლენად აფასებენ, ურთიერთობის ნორმალიზების გათვალისწინებით. კაცმა რომ თქვას, საქართველო ისედაც ძალიან ბევრს აკეთებს აფხაზეთის დასაბრუნებლად (ხელახლა შემოერთების მიზნით). კერძოდ, კონსტიტუციაში აფხაზური ენა ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენად ითვლება. აფხაზეთის ყველა ენერგოხარჯს საქართველოს ბიუჯეტი ანაზღაურებს.

აფხაზეთის (ისევე როგორც „სამხრეთ ოსეთის“) მოსახლეობისათვის არსებობს უამრავი უფასო პროგრამები სამედიცინო დარგში, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ზუგდიდთან ახლოს, პრქტიკულად აფხაზებისათვის მოქმედებს 220-ადგილიანი სუპერთანამედროვე მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკა, იქვეა სასტუმროც პაციენტების ნათესავებისათვის. მკურნალობა მაღალხარისხიანია: კლინიკის პერსონალმა მომზადება ევროპის ქვეყნებში, ისრაელსა და რუსეთში გაიარა. ამ პროექტისათვის დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მკურნალობა პრაქტიკულად უფასოა, მოქმედებს სოციალური სადაზღვევო შეღავათები: საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, „აფხაზები და ოსები ჩვენი მოქალაქეები არიან და ისინი ისეთივე სიკეთით უნდა სარგებლობდნენ, როგორც დანარჩენი მოსახლეობა“.

აფხაზები სარგებლობენ ყველანაირი შეღავათებით და პროგრამებით, მაგრამ თვლიან, რომ ეს პრივილეგიები მათ ისედაც ეკუთვნით, საქართველოს მიერ მიყენებული სამხედრო ზიანის კომპენსაციის სახით.

წყარო: https://www.ng.ru/cis/2023-04-19/1_8710_abkhazia.html

თბილისი
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.