USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
«КоммерсантЪ» : „აფხაზეთმა რუსეთის მოთხოვნას პასუხი გასცა: ბიჭვინთაში მდებარე „ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკი“ მოსკოვის საკუთრება გახდა“
თარიღი:  

რუსული გაზეთ „კომერსანტში“ (КоммерсантЪ) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აფხაზეთმა რუსეთის მოთხოვნას პასუხი გასცა: ბიჭვინთაში მდებარე „ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკი“ მოსკოვის საკუთრება გახდა“ (ავტორები - გიორგი დვალი და პავლე ტარასენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

აფხაზეთის პარლამენტმა ბიჭვინთაში არსებული სახელმწიფო აგარაკის ირგვლივ შექმნილ დავას წერტილი დაუსვა - 27 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, ოპოზიციის პროტესტების მიუხედავად, „ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკის“ მფლობელი რუსეთი გახდა (ანუ რატიფიცირებული იქნა აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულება ბიჭვინთის აგარაკის შესახებ). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, მომხდარი ფაქტი წარმოადგენს „რუსეთის ფედერაციის უკანონო მოქმედებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“. სოხუმში მიაჩნიათ, რომ „ბოლო დროს“ მოსკოვთან ურთიერთობამ „ახალი იმპულსი“ მიიღო და აგარაკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ამ ტენდენციაში სრულიად თავსდება.

პარლამენტმა, ხელშეკრულების რატიფიცირების გარდა, მასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონიც მიიღო - რუსეთისადმი გადაცემული ქონების სამართლებრივი სტატუსის შესახებ. პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიონერები იყვნენ შეკრებილი და როგორც კი მათ გადაწყვეტილება გაიგეს (სხდომას 28 დეპუტატი ესწრებოდა, 26-მა მხარი დაუჭირა), გაისმა შეძახილები - „სირცხვილი“, „ეს უკანონობაა“ და ა.შ. თუმცა პროტესტი უკვე უშედეგო ჩანს - პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რატიფიცირებულ დოკუმენტს ხელი სწრაფად მოაწერა.

ხელიდან ხელში

ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი 1958-1961 წლებშია აგებული იმდროინდელი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით. სწორედ იქ ისვენებდა ნიკიტა სერგეევიჩი 1964 წლის შემოდგომაზე, როცა იგი მოულოდნელად ყველა პოსტიდან მოხსნეს. მოგვიანებით, ბიჭვინთის აგარაკზე ლეონიდ ბრეჟნევი საფრანგეთის პრეზიდენტს ჟორჟ პომპიდუს გაუმასპინძლდა, შემდეგ კი, 2017 წელს, „გოსდაჩას“ ვლადიმერ პუტინიც ეწვია.

საერთოდ, აღნიშნული კომპლექსის თაობაზე სამთავრობოთაშორისო სეთანხმება ჯერ კიდევ 1996 წელს გაფორმდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას უფლებას აძლევდა აგარაკით ესარგებლა, მაგრამ არა მფლობელის სტატუსით. ეს პრობლემას უქმნიდა რუსულ სახელმწიფო ორგანოებს აგარაკზე კაპიტალური რემონტი ჩაეტარებინათ, ახლა კი საკითხი გადაწყვეტილია: რუსეთს აფხაზეთის მიერ უანგაროდ და ნებაყოფლობით გადაეცა შენობების კომპლექსი, ხოლო მიწის ნაკვეთი (180 ჰექტარი) და შავი ზღვის მიმდებარე აკვატორია - 49 წლიანი იჯარით  (გადასახადი - წელიწადში ერთი რუბლი ყოველ კვადრატულ მეტრზე).

ზოგადად, ოპოზიციონერები გადაცემის წინააღმდეგნი არ იყვნენ, თუმცა მათ კითხვებს  ხელშეკრულების ზოგიერთი პუნქტი იწვევდა და ის ფორმა, როგორითაც დოკუმენტი იქნა მიღებული. „შეიძლებოდა შემთანხმებელი კომისიის შექმნა დასაერთო პოზიციის შემუშავება, მტავრობა კი არავის არაფერს არ შეეკითხა“, - ამბობს ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერი ადღურ არძინბა.

რა თქმა უნდა, მომხდარი ფაქტი უარყოფითად შეაფასეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე ნეგატიური კომენტარი გააკეთა აფხაზი თავადების შთამომავალმა ადა მარშანიამ, რომელიც მრავალჯერ იყო არჩეული პარლამენტის წევრად.

სიგნალები მოსკოვიდან

აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსკოვიდან მიღებული გამაფრთხილებელი სიგნალები: რუსეთმა უარი განაცხადა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ, ე.წ. „ჰუმანიტარული“ სახით მიწოდებაზე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. აფხაზეთს 700 მილიონი რუბლის გადახდა მოუწია ელექტრონერგიის იმპორტისათვის, მაგრამ თანხა მხოლოდ 2023 წლის დეკემბრის ბოლომდეა გადახდილი. საქმე იმაშია, რომ ენგურჰესის წყალსაცავში, საიდანაც აფხაზეთი ელექტროდენს იღებს და რომელსაც სოხუმი თბილისთან ერთად მართავს, წყლის მოცულობა უკიდურესად დაბალ დონეზეა. ანუ 2024 წლის იანვრიდან აფხაზეთმა დამატებითი თანხები უნდა მოიძიოს რუსული ელექტროენერგიის მისაღებად, რაც უაღრესად რთულ პრობლემას წარმოადგენს.

გარდა ამისა, 16 დეკემბრიდან აფხაზეთში მკვეთრად შემცირდა რუსული ბენზინისა და სხვა ნავთობპროდუქტების ექსპორტი. როგორც აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ქრისტინე ოზგანი აცხადებს, იმის გამო, რომ რუსეთში კომპანია „როსნეფტმა“ ექსკლუზიური უფლება მიიღო თვითონ განახორციელოს ნავთონპროდუქტების ექსპორტი აფხაზეთში, გარკვეული სიძნელეები წარმოიქმნა კონტრაქტების დადებასთან დაკავშირებით.

ამ ფონზე ხმამაღლა გახმაურდა ინფორმაცია, რომ ქრისტინე ოზგანი მოულოდნელად ეწვია საქართველოს და მოლაპარაკება გამართა ელექტროენერგიის შესაძლო მიღების მიზნით. ამრიგად, იგი აფხაზეთის პირველ ოფიციალურ პიროვნებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს 2008 წლის „ხუთდრიანი ომის“ შემდეგ ეწვია. აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა ქრისტინე ოზგანმა თავის თხოვნაზე უარი მიიღო - თბილისმა ელექტროენერგიის უკმარისობა მოიმიზეზა. თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ქართულ მხარეს უამრავი პრეტენზია აქვს სოხუმის ხელისუფლების მიმართ,მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრების ქართველების უფლებების დაცვის სფეროში.

კიდევ ერთი სიგნალი, ამჯერად უკვე ქართული მხარისათვის, ის ვიდეოხიდი გახდა, რომელიც აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანს სერგეი შამბასა და ქართველ პოლიტიკოსს ვახტანგ ყოლბაიას შორის (აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს დეპუტატს) გაიმართა და რომლის დროსაც აფხაზმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტა ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ“ და რომ „საჭიროა გზების ძიება მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“.

„საკითხები, რომლებიც დამატებით განხილვას საჭიროებენ“

„კომერსანტთან“ საუბარში ვახტანგ ყოლბაიამ კომენტარი გაუკეთა აფხაზეთში მომხდარ მოვლენებს და აღნიშნა, რომ აგარაკთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ დასაწყისია რუსული პრეტენზიების ფართო სიაში აფხაზეთის მიმართ. სადაო საკითხია აგრეთვე სოფელ აიბღის კუთვნილებაც, რომელიც მდინარე ფსოუს ხეობაში მდებარეობს, საზღვრის პირას, აგრეთვე ახალი ათონის მონასტრის კომპლექსის გადაცემა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში რუული პრეტენზიების სიას კიდევ რამდენიმე პუნქტი დაუმატა: მოსკოვის მოთხოვნა, რომ აფხაზეთმა რუსეთის სასარგებლოდ მიწის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ისეთი კანონი მიიღოს, რომელიც რუს მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენას გაუიოლებს, აგრეთვე აფხაზეთში რუსული კაპიტალის მქონე სახელმწიფო ქონების პრივატიზება.

თუმცა, რასაკვირველია, სოხუმში და მოსკოვში ამტკიცებენ, რომ მათ შორის არავითარი პრეტენზიები არ არსებობს.

ოქტომბერში, როცა სოჭში ასლან ბჟანია ვლადიმერ პუტინს შეხვდა, აფხაზმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ჩვენს ურთიერთობებმა დამატებითი იმპულსი მიიღო, მიმდინარეობს ჰარმონიზაციის პროცესი და ამ ჩარჩოებში ბევრი რამ კეთდება... რუსეთთან ინტეგრაციის პოლიტიკა აფხაზეთის ინტერესებს შეესაბამება“. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა, რომ „სიტუაცია კარგად ვითარდება - ვაჭრობამ 73%-ით მოიმატა. რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეტს ყველა მიმართულებით და იმედია, ასე გაგრძელდება“. მან ასევე აღნიშნა, რომ არიან საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვსო, მაგრამ არ დააკონკრეტა. დღეს, ალბათ, ის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/6427951

 

თბილისი
მთაწმინდის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 24 054 468 ლარი შეადგინა.

„2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გზების რეაბილიტაცია, გამწვანება, სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება, საცხოვრებელი სახლების გამაგრება - ეს ის კონკრეტული შედეგებია, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე წარმოდგენილია 2026 წლის გეგმებიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. მადლობა მთაწმინდის რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს, გამგეობის გუნდს და ყველა იმ უწყებას, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 23 730 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე შეკეთდა კაპიტალურად 10 ქუჩა. აშენდა გრუნტის დამჭერი 4 კედელი. კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 143 მისამართზე, გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები - 403 მისამართზე, 48 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა 129 პროექტი, მათ შორის კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი. 35 მისამართზე სახლის სახურავი, ხოლო წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა. მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე 2026 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელება შემდეგ წელს გაზრდილი ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის