USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
Tbilisi
«TRT - Türkiye Radyo ve Televizyon» : „ნატურალური კარაქის მომზადების ტრადიცია თურქეთში და საქართველოში“
Date:  339

თურქული სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT-ის (Türkiye Radyo ve Televizyon Kurumu) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნატურალური კარაქის მომზადების ტრადიცია თურქეთში და საქართველოში“ (ავტორი - მარიამ გაფრინდაშვილი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

კარაქის მოყვარულები მის ნამდვილ და შენარევ გემოს ადვილად არჩევენ. კომიკურია, თუმცა ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელებული ათასგვარი კულინარიული ვლოგის შემდეგ ბევრმა აღმოაჩინა, რომ კარაქი მხოლოდ რძისგან შედგება, ოღონდ მისი კარგად გადამუშავების შემდეგ. ამ ვლოგებში სწორედ რძისგან კარაქის დამზადების სხვადასხვა მეთოდია ნაჩვენები, ყველაზე გავრცელებული და საყურებლად „გემრიელი“ კი ძველებური ხელსაწყოს მიხედვით კარაქის დამუშავებაა. ხელსაწყო რკინის სატრიალებელი რგოლისა და ხის ხელსაკიდისგან შედგება. კულინარი ამ ხელსაწყოს რძით სავსე ქილაში დებს და ხელის საკმაოდ ოსტატური მოძრაობით დაუღალავად რგოლს ატრიალებს და ატრიალებს. ამ ერთი შეხედვით დამღლელი მოძრაობების მერე ვხედავთ, რომ რძე სქელდება და კარაქის ფორმას იღებს. შემდგომში ეს მასა ცივ წყალში გადააქვს და „კარაქს“ ზედმეტი რძისგან რეცხავს, შემდგომ ყალიბში დებს და ასე იღებს კარაქს. 

საქართველოში კარაქის მომზადების ჩვენი ბებიებისეული მეთოდიც არსებობს, რომელიც უფრო შრომატევადია, ვიდრე ვიდეოებში ნაჩვენები პატარა ხელსაწყოებით მიღებული ორი ადამიანისათვის სამყოფი კარაქის მეთოდი. ძველად, ბებიები ან დედები, კარაქს სადღვებელში ამზადებდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ კარაქის დამზადება ქალების საქმედ იყო მიჩნეული. ალბათ, იმიტომ რომ სადღვებელთან მიმჯდარი ქალი ბავშვის აკვანივით სადღვებელს გაუჩერებლად არწევდა და ისევე როგორც ბავშვის ჩაძინებას ელის დედა, რძისგან კარაქად ქცევას მოთმინებით, რუდუნებით ელოდება სადღვებელის მრწეველი ქალი. ეს რიტუალი საერთო იყო კავკასიის, ანატოლიისა და შუა აღმოსავლეთის კულტურებისთვის. ასე რომ კარაქი საერთო ინგრედიენტი იყო ამ კულტურების სამზარეულოსთვისაც.

ბავშვის მოვლის რიტუალივით კარაქის მიღების ეს მეთოდები ოჯახში ბარაქას, დაპურებას, სიუხვეს ნიშნავდა. სადღვებელში მოთავსებული კარაქის მასა იმდენად ბევრი იყო, რომ დიდ ოჯახს მთელი თუ არა ნახევარი თვე მაინც ჰყოფნიდა. კარაქი იყო კერძების მთავარი შემადგენელი ცხიმიც.

გამოხდა ხანი და მე-20-ე საუკუნის 70-იანი წლებიდან ინდუსტრიული საკვების გავრცელებამ, უფრო მეტი და მეტის მოთხოვნამ სადღვებელის რუტუალის, მხოლოდ ოჯახისთვის სამყოფი საკვების ტრადიცია მოშალა და კაპიტალისტურმა კვებითმა სისტემამ კარაქი მარგარინით ჩაანაცვლა. ქიმიური დანამატებით გაჯერებული კარაქის იმიტაცია მარგარინი ჭრელ-ჭრელი შეფუთვითა და ნაირ-ნაირი სახელებით მალევე მარკეტების დახლებისა და ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

მარგარინის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო სატელევიზიო რეკლამებმაც,  რომელშიც ბედნიერი მომღიმარი დედ-მამა შვილებს გახუხულ პურზე მარგარინს უსვამს და ბავშვებიც გემრიელად მიირთმევენ. უფრო იაფმა და ამავე დროს გემრიელმა მარგარინმა უმალვე გააქრო რძისაგან კარაქის გარდაქმნის ჯადოსნური ტრადიცია. „მცენარეული ცხიმის“ მომხიბვლელი, თუმცა სატყუარა სახელწოდებით მარგარინმა სოფლებშიც შეაღწია. ანატოლიის სოფლები, სადაც მეცხოველეობა და რძის პროდუქტების მიღება-გასაღება ერთ-ერთი წამყვანი საქმიანობა იყო, ნელ-ნელა უძლური გახდა დიდ ინდუსტრიულ საკვებ პროდუქტთან შეჯიბრიშში.

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ისევე როგორც თურქეთმა, საქართველომაც მარგარინი კარაქს ამჯობინა. ასე გრძელდება დღემდე და ეს შეუჩერებელ პროცესად იქცა. მარგარინის ორგანიზმისთვის მიყენებული ზარალის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, მოკლედ რომ ვთქვა ის ისეთივე საზიანოა, როგორც ქიმიურად შექმნილი ხორცი ან ბურგერის პური, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ხორბალთან და ცოცხალ საფუართან.

ხშირად ზოგიერთი პრობლება საერთოა მეზობელ ქვეყნებს შორის. ის შეიძლება სხვადახვა სფეროში არსებობდეს, თუმცა ერთი რამ ცხადია, საკვები პროდუქციის პრობლემა ძირითადი პრობლემაა, რომელზეც ყველაზე მთავარი - ადამიანის ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ამის აღმოფხვრის გზებს კი თუკი ერთი ქვეყანა მოძებნის, მეორემ მას უნდა მიბაძოს, ამით კი ისინი ერთმანეთს გააძლიერებენ და ახალ სიტყვას იტყვიან ჯანსაღი პროდუქტის სფეროში.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2023/10/17/kut-xe-kunchuli-nomeri-59-2023-2052035

 

business
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way