მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენის თუ დაბრუნების შესახებ შევიტყვეთ, ძალიან აქტუალური გახდა მოწოდება პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზე.
მაგალითად, ყოფილმა პრემიერმა დატვიტა: „საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური დღის წესრიგის შექმნა ევროპული მომავლისთვის“.
ანუ, ახლა, პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე ვმუშაობ და მალე დეტალურად გიამბობთ გეგმებზე, რაც პოლარიზაციის აღმოფხვრაში დაგვეხმარებაო.
მანამდე კი, ერთი თვით ადრე, როცა თანამდებობიდან გადადგა, ასეთი რამ თქვა: „მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვითარების“.
აჰა, ესე იგი, რადგან წასვლამ არ შეუწყო ხელი პოლარიზაციის შემცირებას, ახლა იმედოვნებს, რომ იმავე ამოცანის შესრულებას დაბრუნებით მოახერხებს. კი, ეჭვიც არ გვეპარება…
პარალელურად, იგივე პრობლემაზე მიუთითებენ სხვა, საშინაო თუ საგარეო აქტორები:
ჟოზეფ ბორელი – „საქართველო ვერ იქნება ბიპოლარიზებულ მდგომარეობაში“.
სალომე ზურაბიშვილი – „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს“.
ძალიანაც კარგი, ვიდრე ბიპოლარულმა აშლილობამ დაგვრია ხელი, კიდევ ერთხელ ჩამოვა ბატონი დანიელსონი და ეგებ, ამჯერად მაინც გამოიღოს ცდამ შედეგი – მგელმა და კრავმა ერთად დაიწყონ ბალახის ძოვა, ან – მგელმა და მგელმა, ან კიდევ – კრავმა და კრავმა.
ეჰ, ისევ გახარიას დავუბრუნდეთ.
დღეს ასეთი სურათია – 58 ათასი მოწონება 213 ათასის წინააღმდეგ, ანუ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ექს-პრემიერი ბევრად უფრო თბილად გააცილეს, ვიდრე მის ხელახლა გამოჩენას შეხვდნენ.
ამის მიზეზი ალბათ გაბედულების დეფიციტიცაა – წასული კაცი ნაკლებად საშიშია, უკან დაბრუნებული კი რა ჭკუაზეა, არავინ იცის.
თუ რამე, გაცილებას გაპატიებენ, აი, მისალმება კი ცოტა უფრო საჩოთიროა, როცა ბევრი რამ ბუნდოვანია და ინსტრუქციაც არ არსებობს.
უინსტრუქციობა კი ძალიან რთულია, განსაკუთრებით – პროპაგანდისტებისთვის.
ასე მაგალითად, რეინკარნირებული რეალ ტვ-ის სამმა სახემ ეს ამბავი საერთოდ არ შეიმჩნია, ვერ შეაფასეს ვერც პოლიტიკურად, ვერც – ფილოსოფიურად, ვერც – კინოკრიტიკის პრიზმაში, ვერც – ისე და ვერც – ასე. უბრალოდ, დადუმდნენ და დაელოდნენ ინსტრუქციას.
ამასობაში ერთი უცნაური ფაქტი მოხდა ფეისბუკზე.
გვერდმა Ivanishvili & media, რომელიც უკვე წლებია პოლიტიკიდან წასულ-მოსული კაცისა და „ქართული ოცნების“ აგიტაცია-პროპაგანდით იყო დაკავებული, მოულოდნელად სახელი იცვალა და გახდა Gakharia & media.
სახელის ცვლილებასთან ერთად, განმარტების სახით, ამ გვერდზე ასეთი პოსტი გამოჩნდა:
„როცა საერთო ღირებულებებზე მიგვითითებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თურმე ერთი კაცის ზიზღი გვაერთიანებდა მხოლოდ არის სიცრუე არა ბატონებო. ბიძინა ივანიშვილის ოცნება და ყველა მისი მხარდამჭერის ის იყო, რომ საქართველოში შექმნილიყო გარემო, სადაც პოლიტკურ ძალებს თუ მედიებს, ექნებოდათ შესაძლებლობა თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღოთ ამ ქვეყნის წინაშე. სწორედ ჩვენ, თავისუფალმა მედიამ უნდა შევქმნათ ისეთი მედია სტანადრტი, რომ ქვეყნის დამზიანებლ პოლტიკურ ძალებს და მათ მედია საშუალებებს უბრალოდ აღარ ყავდეთ აუდიტორია. შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება იცვლება ჩვენი გვერდის სახელწოდება სადაც აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ფასდაუდუებელია მისი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნაში. მალე სიახლეებით დაგიბრუდნებით, სიმართლის დროა!!!“
ნეტა, რა ჩაიფიქრა ამ ტექსტის დამწერმა და რას გვასწავლის ეს უშინაარსო მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ-სინტაქსურ-პუნქტუაციურ-სტილისტური დომხალი?
თან, საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანოთო… ვაი, ვაი.
ასე მოუვა ყველას, ვინც ინსტრუქციას არ დაელოდება, ხოლო ვინც დაელოდება, დროის გაყვანაც არ გაუჭირდება – გასწორდება წელში, დაიწყებს გალობას და აყვება სამღვდელოება