USD 2.6802
EUR 2.8555
RUB 2.8670
თბილისი
ზალკალიანი PACE-ზე: ევროსაბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრიორიტეტები და ვითარება კონფლიქტურ რეგიონებში
თარიღი:  583

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში 27 იანვარს სიტყვით გამოვიდა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე და შემდეგ დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი. საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში ისაუბრა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მნიშვნელობაზე - დოკუმენტის, რომლის 70-ე წლისთავიც წელს აღინიშნება. მისი გამოსვლის ოფიციალურ ქართულენოვან ვერსიაში ვკითხულობთ: „75 წლის წინ, ზუსტად დღევანდელ დღეს, ოსვენციმ-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი გათავისუფლდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის ყველა მსხვერპლს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში შეძლონ ჰოლოკოსტის გაკვეთილის გააზრება ხოლო ჩვენ კი გავაორმაგოთ ძალისხმევა იმისთვის, რათა მომავალმა თაობებმა ისწავლონ განსხვავებულობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა“ - ვკითხულობთ გამოსვლის ტექსტში.

ზალკალიანმა ასევე ისაუბრა პრიორიტეტებზე, რომლებსაც საქართველო დაისახავს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად ყოფნის პერიოდში. ესენია ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვა - და ამ ორ პრიორიტეტს შორის არსებული კავშირის გამოკვეთა, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შექმნა,დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით. ზალკალიანის განცხადებით, ყველა ამ პრიორიტეტთან მიმართებით საქართველო შესაბამის ღონისძიებებს გაუწევს ორგანიზებას თავმჯდომარეობის პერიოდში.

ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ევროსაბჭოსთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის დამატებით ერთობლივ პროცედურაზე, საბიუჯეტო საკითხებზე, ბავშვთა უფლებების დაცვაზე მიგრაციული პროცესების კონტექსტში, ქალთა და გოგონათა მიმართ კიბერძალადობასთან ბრძოლაზე.

„ევროპის საბჭოს მისიას წარმოადგენს ევროპაში ყველა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და ხელშეწყობა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. და მაინც, ჩვენ კვლავ ვხედავთ ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებს იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლი ვერ ხორციელდება და სადაც მოსახლეობას წართმეული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები. ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ არ აქვთ წვდომა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს“ - ვკითხულობთ მინისტრის გამოსვლის ტექსტში.

„მინისტრთა კომიტეტი კვლავ ინტერესით ადევნებს თვალყურს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს. მინისტრთა კომიტეტმა მრავალჯერგააკეთა მოწოდება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის შესახებ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მნიშვნელოვანია სრულად განხორციელდეს მინსკის შეთანხმება და შესრულდეს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. იმედის მომცემია უკვე გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი, კერძოდ, ახალი დინამიკა ნორმანდიის ფორმატში და ტყვეთა გაცვლა დეკემბერში. მეორე მხრივ, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ყირიმში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებით, განსაკუთრებით, უმცირესობების წარმომადგენლებთან მიმართებაში“ - ამბობს ზალკალიანი.

მისი გამოსვლის ტექსტში საუბარია ასევე საქართველოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე: „კომიტეტი განაგრძობს ადგილზე არსებული სიტუაციის მონიტორინგს, კერძოდ, გენერალური მდივნის მიერ წელიწადში ორჯერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ანგარიშებში ასახულ ფასეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გასული წლის ნოემბერში, კომიტეტმა გენერალური მდივნის ბოლო ანგარიშის განხილვა მოაწყო. განხილვისას, დელეგაციებმა დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს ჰქონდეს წვდომა კონფლიქტის ზონებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვა“.

ზალკალიანის გამოსვლის ტექსტი ასევე ეხება ბელარუსის საკითხს, რომელსაც ევროსაბჭო სიკვდილით დასჯის გაუქმებას სთხოვს და ზოგადად თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გამოსვლის დასრულების შემდეგ, ზალკალიანმა უპასუხა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს, მათ შორის შეკითხვას კონფლიქტური ტერიტორიების შესახებ. "ნება მომეცით ეროვნული წარამომადგენლობის ფარგლებში ... გაგაცნოთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში ამჟამად არსებული ვითარება, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა. სამწუხაროდ, გრძელდება ფაქტობრივი ანექსირების, ოკუპაციის პროცესები. პროგრესირებს მავთულხლართების ღობეების და ხელოვნური ბარიერების აგების პროცესი, ეს პროცესი ახლაც გრძელდება, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ. ახლახან საოკუპაციო ხაზს მიღმა პაციენტთან ჩასული ექიმის გატაცება და დაკავება აღმაშფოთებელი ფაქტი იყო. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოგვეპოვება, არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაცია. რასაც ჩვენ სისტემატურად ვაკეთებთ, თქვენი მხარდაჭერით, სხვადასხვა ინსტრუმენტით, სხვადასხვა ჩარჩოთი. და ეს უნდა გაგრძელდეს, რათა გაიზარდოს ზეწოლა ძალაზე, რომელიც აკონტროლებს ... ამ ტერიტორიებს" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას.

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.