USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Тбилиси
საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა
дата:  271

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.6-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი „კოვიდ” პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 64%-ით აჭარბებს. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 12.6% იყო, როცა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს - 10.4%-ს 2019 წელს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყნასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს.

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც  2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 17,000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა;
  • მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
  • 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-სექტემბერში კი ექსპორტი 6.3%-ით არის გაზრდილი, რაც  ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 4.4-ჯერ ზრდამ განაპირობა;
  • ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში ექსპორტირებული 109 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 63% იყო;
  • 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია;
  • ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა - 350%-ით (329 მლნ აშშ დოლარით). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 44% შეადგინა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • ელექტროენერგიიის რუსეთიდან იმპორტის 3.6-ჯერ ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3% უჭირავს. რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა 32%-ით შემცირდა. რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 7%-მდეა.
  • კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 96% იყო. საქართველოში მოხმარებულ ხორბლის ფქვილში 78%-მდე რუსეთზე მოდის.
  • 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-სექტემბერში საქართველოში 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 35%-ით ნაკლებია. თუმცა, ცალკე აღებულ აგვისტო-სექტემბერში, წელს რუსეთიდან 6%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში;
  • 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა,  რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია;
  • რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. ამას მიანიშნებს, როგორც კომპანიების რეგისტრაცია, ისე საქართველო-რუსეთის საზღვრის ორმხრივად კვეთის (შემოსვლა-გასვლა) სტატისტიკა და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა;
  • 2022 წლის აპრილ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 1,135 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს;
  • 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ ქვეყნიდან 12 მლნ დოლარის ინვესტიცია გავიდა.
  • მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. მიუხედავად იმისა, საქართველო იქნება თუ არა ამ მიზნით გამოყენებული, ამ ქვეყანასთან გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, რუსულ ბიზნესს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გამოყენებით შეუძლიათ თავი დააღწიონ რუსეთში სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას.
  • რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია. მოსალოდნელია, რომ მომავალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან და ვაჭრობიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს.

რეკომენდაციები

საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამონაწილეობით მიმდინარე წლის აპრილში უკვე გავასაჯაროვეთ რეკომენდაციები[1], თუ რა უნდა გაკეთდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისთვის:

  • რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;

 

ამასთან ერთად, რომ არ მოხდეს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება განსხვავებული პრაქტიკით განხორციელდეს. კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, ან ადამიანებთან.

I.შესავალი

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა  ეკონომიკური ბერკეტები არაერთხელ გამოიყენა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების[2] შემდეგ კი, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია. 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის დაწყებულმა ომმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე დაკვირვება კიდევ უფრო აქტუალური გახადა. რუსეთზე დაწესებული მკაცრი სანქციები მისი ეკონომიკის შემცირებას იწვევს, რაც იმ ქვეყნებზეც აისახება, რომლებსაც მასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქტიურად აკვირდება ამ საკითხს. რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე ბოლო კვლევა[3] მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში გამოვაქვეყნეთ, რომელშიც ძირითადად 2022 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობა იყო შესწავლილი. წინამდებარე ანგარიში აღნიშნული კვლევის განახლებაა, რომელშიც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებლები და ტენდენციებია მოცემული. კვლევა მოიცავს საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემების ანალიზს. მომდევნო პუბლიკაციის გამოქვეყნება 2023 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი.

II.საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ძირითადი მაჩვენებლები

1.საგარეო ვაჭრობა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი - 73%-ით გაიზარდა და მან 1.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.5% იყო, რაც 3.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2021 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე (იხილეთ გრაფიკი 1). ეს შემცირება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ რუსეთში ქართული ექსპორტი უფრო ნაკლები მასშტაბით გაიზარდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი ექსპორტი. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მთლიანი ექსპორტი ჯამში 37.4%-ით გაიზარდა.

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან შემოსული პროდუქციის წილი 10.2%-დან 13.1%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია (იხილეთ გრაფიკი 2).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

საბოლოო ჯამში, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.4%-დან 12.6%-მდე გაიზარდა, რაც ასევე ბოლო 16 წლის მაქსიმუმია.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტში პირველ ადგილზე 109 მლნ აშშ დოლარით ღვინო იყო, მეორე ადგილზე კი ფეროშენადნობები 105 მლნ აშშ დოლარით. მიუხედაცად იმისა, რომ ფეროშენადნობების რუსეთში ექსპორტი 78.6 ათასი ტონიდან 54.2 ათას ტონამდე შემცირდა, ფასის ზრდის გამო მისი ჯამური ღრებულება მხოლოდ 10.3 მლნ დოლარით შემცირდა. შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი - 45.7 მლნ აშშ დოლარით და სპირტიანი სასმელები - 40.6 მლნ აშშ დოლარით (იხილეთ გრაფიკი 3).

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 431 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ხორბალი და ხორბლის ფქვილი - 85 მლნ აშშ დოლარით, ქვანახშირი და კოქსი - 65 მლნ აშშ დოლარით და ბუნებრივი აირები (გაზი) 46.5 მლნ აშშ დოლარით (იხილეთ გრაფიკი 4).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. მაგალითად, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 54.7% (131 მლნ აშშ დოლარის) რუსეთში გავიდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში ექსპორტირებულ იქნა 109 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.3%-იანი ზრდაა. რაც შეეხება საქართველოს ჯამურ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილს, იგი გაიზარდა და 63.1%-ს მიაღწია (იხილეთ გრაფიკი 5).

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რუსულ ხორბალზე და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება ასევე, ტრადიციულად, მაღალია. მაგალითად, 2021 წელს რუსეთიდან 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% იყო. 2020 წელს რუსული ხორბლის წილი იმპორტში 99% იყო, 2019 წელს კი 100%-მდე.  2022 წლიდან ხორბლის იმპორტი ხორბლის ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადის გამო, იმპორტიორებმა ხორბლის ფქვილის შემოტანა არჩიეს, რომელიც საბოლოოდ უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ხორბლის შემოტანა და გადამუშავება. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11-ჯერ გაიზარდა, ხორბლის იმპორტი კი განახევრდა. ჯამში, რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილმა საქართველოს ამავე საქონლის მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. ცნობისათვის, 2021 წელს რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარებაში 78%-მდე იყო.[4]

ბოლო წლებში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. მაგალითად, 2021 წელს  საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მხოლოდ 1.8% იყო,[5] საქართველოს ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი მისი წილი 25%-ს შეადგენდა.[6] 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 3% იყო,[7]  ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი - 49%.

განსხვავებული სიტუაციაა ბუნებრივი აირის[8] იმპორტში. მაგალითად, 2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 2.8% წილი ეკავა (ღირებულების მიხედვით). 2020 წელს ეს მაჩვენებელი 12.2%-მდე გაიზარდა, 2021 წელს კი 23.1%-ს მიაღწია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა 37%-ით შემცირდა. რუსეთიდან სულ 34.2 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა, რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 12% იყო. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებლად აზერბაიჯანი რჩება, საიდანაც 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 246 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა,[9] რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 88% იყო.

უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტი-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 6.3%-ით გაიზარდა და 380 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყებიდან პირველ თვეებში, მარტი-ივნისში რუსეთში ექსპორტი 16%-ით შემცირდა, თუმცა ივლისიდან ზრდა დაიწყო და ივლისი-სექტემბერში 33%-ით გაიზარდა. მარტი-სექტემბერში რუსეთში ექსპორტის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 11.4% შეადგინა, როცა 2021 წლის იმავე თვეების მაჩვენებელი 14.3% იყო. ამავე პერიოდში რუსეთიდან იმპორტი 81%-ით გაიზარდა და 1,062 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 13.8% შეადგინა, როცა გასული წლის მარტი-სექტემბერში 10.2% იყო.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში საქართველოს ექსპორტის ზრდა ძირითადად მსუბუქი ავტომობილების გაყვანის ზრდამ განაპირობა, რაც რეალურად რეექსპორტია. 2021 წლის მარტი-სექტემბერში 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა საქართველოდან რუსეთში, ხოლო 2022 წლის მარტი-სექტემბერში 4.4-ჯერ მეტი - 44 მლნ აშშ დოლარის. რაოდენობის მიხედვით თუ ვნახავთ, 2022 წლის მარტი-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში 3,024 ავტომობილი გაიყიდა, 2021 წლის მარტი-სექტემბერში კი 2-ჯერ ნაკლები - 1,435 ერთეული.

2022 წლის მარტი-სექტემბერში ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 16 მლნ აშშ დოლარით (78%-ით) გაიზარდა, ღვინის ექსპორტი კი 9 მლნ აშშ დოლარით (11%-ით) არის გაზრდილი. ომის დაწყების შემდეგ თანხობრივად ყველაზე მეტად ფეროშენადნობების  ექსპორტი შემცირდა - 22 მლნ აშშ დოლარით (23%-ით). ასევე მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 12 მლნ აშშ დოლარით (33%-ით) შემცირდა, რაც „ბორჯომის“ წარმოების შემცირებამ განაპირობა.

2021 წლის ივლის-სექტემბერში რუსეთის მიმართულებით ექსპორტის 33%-ით ზრდა ძირითადად ავტომობილების (27 მლნ აშშ დოლარით), ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების (18 მლნ აშშ დოლარით) და ღვინის (16 მლნ აშშ დოლარით) ექსპორტის ზრდამ განაპირობა.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის მარტი-სექტემბერში ყველაზე მეტად - თითქმის 5-ჯერ (329 მლნ აშშ დოლარით) - რუსული ნავთობპროდუქტების (საავტომობილო საწვავის) იმპორტი გაიზარდა. თუ რაოდენობრივ ჭრილში ვნახავთ, რუსეთიდან საწვავის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა. მარტი-სექტემბერში საქართველოში შემოტანილ საწვავში რუსეთს 44%-იანი წილი ეკავა და პირველ ადგილზე იყო. 2021 წელს რუსული საწვავის წილი იმპორტში 18% იყო. საწვავის იმპორტის 71% თურქმენეთზე, აზერბაიჯანზე, რუმინეთზე და ბულგარეთზე მოდიოდა. რუსულმა საწვავმა ძირითადად აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ბულგარეთიდან საწვავის იმპორტი ჩაანაცვლა. მარტი-სექტემბერში საქართველოში საწვავის მოხმარება 3%-ით გაიზარდა, საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი (რეალურად რეექსპორტი) კი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

37 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუ რაოდენობრივ ჭრილში ვნახავთ, იმპორტი 21%-ით არის გაზრდილი, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ქვანახშირის და კოქსის ჯამური ღირებულება მნიშვნელოვანწილად ქვანახშირის და კოქსის ფასის ზრდის გამო გაიზარდა. საქართველოდან ქვანახშრის და კოქსის ექსპორტი უმნიშვნელო მოცულობით განხორციელდა.

5-ჯერ გაიზარდა მარგარინის იმპორტი და მისმა ღირებულებამ ჯამში 23.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 3.6-ჯერ (8.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი.

2022 წლის მარტი-სექტემბერში ფაქტობრივად შეწყდა რუსეთიდან ტელეფონის აპარატების შემოტანა და კლება 21.3 მლნ აშშ დოლარი (93%) იყო. 27%-ით (10 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი. 85%-ით (8.6 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა რუსეთიდან სიმინდის შემოტანა.

რომ შევაჯამოთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რადგან საქართველოს ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის ბაზარზე. თუმცა, ცალკე აღებული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მაღალი რისკების შემცველია. რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად საავტომობილო საწვავის და ქვანახშირის იმპორტის ზრდის გამო.

2.ტურიზმი და ფულადი გზავნილები

„კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც საქართველომ დაახლოებით 776 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.[10]

პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა. 2021 წელს რუსეთიდან 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ქვეყანაში დაახლოებით 152 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.

2022 წლის მარტიდან საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნის და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვინაიდან 2020-2021 წლებში პანდემიის გამო ტურიზმი ძალიან შემცირებული იყო, მიმდინარე წელს ტურიზმის ზრდის ტემპის შეფასებისთვის უფრო ადეკვატური 2019 წელთან შედარებაა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე 35%-ით ნაკლებია. თუმცა, მიმდინარე წელს აგვისტო-სექტემბერში რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორების რიცხვმა 2019 წლის აგვისტო-სექტემბრის მაჩვენებელს 6%-ით გადააჭარბა. კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 5,362 რუსი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის აგვისტოში, ხოლო სექტემბერში 15,767-ით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის სექტემბერში. სექტემბერში დაფიქსირებული ზრდა, გარკვეულწილად მიმდინარე წლის 21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციას შეიძლება უკავშირდებოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,[11] 2022 წლის 23-26 სექტემბერს რუსეთიდან დღეში საშუალოდ 10,150 ადამიანი შემოდიოდა, რაც 60%-ით მეტია 17-21 სექტემბრის საშუალო დღიურ მაჩვენებელზე.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 3.4% პუნქტით აღემატება. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა,  რომ საქართველოს ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-თვის აქამდე არასდროს მიუღწევია (იხილეთ გრაფიკი 6).

რუსეთიდან შემოსული ვიზიტორებიდან რამდენი ადამიანი დარჩა საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის[12] მიხედვით, 2022 წლის მარტი-ივნისში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 18% საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გასულთა შორის სხვაობა), რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 5% იყო. 31 ივლისის მდგომარეობით, ომის დაწყების შემდეგ შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 43 ათასამდე დარჩა საქართველოში ხანგრძლივი ცხოვრების მიზნით.[13]

მონაცემთა წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 563 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს ჩამორჩენა იანვარ-ივნისზე მოდის, ივლის-სექტემბერში 2022 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 138 მლნ აშშ დოლარით მეტი დახარჯეს, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ თვეებში.

საქართველოში შემოსული ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი 2022 წლის 9 თვეში 22.4% იყო. ცნობისათვის, 2019 წლის  ანალოგიური მაჩვენებელი 25.1% იყო (იხილეთ გრაფიკი 7).

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ტრადიციულად, საქართველოსთვის შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხებია. ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია ჰქონდა. მაგალითად, 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან უცხოურ გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2021 წელს - 17.5%. ამას ორი გარემოება განაპირობებდა: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები წლიდან წლამდე ძირითადად მცირდებოდა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდებოდა.

2022 წელს ფულად გზავნილებში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თვეში საშუალოდ 24 მლნ აშშ დოლარი ირიცხებოდა რუსეთიდან საქართველოში. გზავნილებმა სწრაფი ზრდა აპრილიდან დაიწყო, როცა 133 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაისში კი ერთი თვის რეკორდული თანხა - 314 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა, ივნისი-სექტემბერში კი ჩამორიცხვებმა თვეში საშუალოდ 154 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1,135 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა, რაც წინა წლების მთლიანი წლის მაჩვენებელზეც კი მეტია. ამის შედეგად, რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან ფულად გზავნილებში 40%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2015 წელს იყო (იხილეთ გრაფიკი 8). 2022 წლის აპრილი-სექტემბრის რუსეთიდან გადმორიცხვებს თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, იგი 5-ჯერ არის გაზრდილი. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვნად გაზრდილი ნაკადებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს ან/და თავად გადმოაქვთ საკუთარი დანაზოგი. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციას და დაწესებულ სანქციებს გაურბიან, რომელთა ნაწილმაც საქართველოში ხანგრძლივად დარჩენა გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ასეთი მაღალი ტემპით ზრდა ერთჯერადი ფაქტორია და მომავალ წელს იგივე ნიშნულზე დარჩება ან შემცირდება.

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

3.პირდაპირი ინვესტიციები

ბოლო წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციები მასშტაბური არ იყო. მაგალითად, 2017-2021 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს მიერ მოზიდულ ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში 4.4% იყო. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში სულ 307 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. თუმცა, საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან[14] შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული.[15] 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მატების ნაცვლად, 12 მლნ აშშ დოლარით შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 9).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

III.რუსული კომპანიები საქართველოში

საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ბაზების გამოკვლევით მოვიძიეთ ის კომპანიები, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირები (მოქალაქეები) არიან. სწორედ ასეთ კომპანიებს ვუწოდებთ რუსულ კომპანიებს. თუმცა, ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეიძლება სხვა ქვეყნის კომპანიის გავლით ეკუთვნოდეს რუსეთის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.

2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 17,000-მდე ისეთი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 79% (9,500-მდე) 2018-2022[16] წლებში არიან დარეგისტრირებული. 2022 წლამდე, ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა - 1,180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა. 2020-2021 წლებში პანდემიის გამო რუსული კომპანიების რეგისტრაცია შემცირდა, 2021 წელს სულ 920 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის მატება, ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 193 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში კი - 2,150 კომპანია. აპრილ-სექტემბერში თვეში საშუალოდ 1,226 რუსული კომპანია რეგისტრირდებოდა. საბოლოოდ, 2022 წლის მარტი-სექტემბერში დარეგისტრირდა იმაზე 10-ჯერ მეტი კომპანია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში (იხილეთ გრაფიკი 10).

მიმდინარე წლის მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 99%-ს არაქართული გვარები აქვს.

  

მონაცემთა წყარო: საქართველოს მეწარმეთა რეესტრი

მონაცემთა წყარო: საქართველოს მეწარმეთა რეესტრი

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის[17] თანახმად, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ გახსნილი ანგარიშების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს კომერციულ ბანკებში 60 ათასზე მეტ რუსეთის მოქალაქეს ჰქონდა აქტიური საბანკო ანგარიში, საიდანაც 45.3 ათასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიხსნა. რუსეთის  მოქალაქეების მიერ  დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა კი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და 1.9 მლრდ ლარს მიაღწია.

 ამ პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის  შეხედულებებს.

 


[1] 10 რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას ეკონომიკის საკითხებზე, 12.04.2022: https://cutt.ly/6La3Tzv

[2] „გავრილოვის ღამე“, „ვიკიპედია”: https://cutt.ly/cPbYrZ1

 

[3] საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, 03.08.2022: https://cutt.ly/6Bmh4g3

[4] Wheat and Flour Sector in Georgia, PMCG, https://bit.ly/3BQEgyF

[5] ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://cutt.ly/WT7ZTXe

[6] რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი არ მოიცავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებულ რუსულ ელექტროენერგიას, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით ხორციელდება.

[7] ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2022 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://cutt.ly/TKFHtro

[8] ბუნებრივ აირში იგულისხმება ბუნებრივი აირი აირისებრ მდგომარეობაში (სასაქონლო კოდი 271121)

[9] „საქსტატი“, საგარეო ვაჭრობის პორტალი, http://ex-trade.geostat.ge/ka

[10] საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკის მიხედვით

[12] ტურიზმი თუ მიგრაცია? (რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებელი - 2022 მარტი-ივნისი), ი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, 07.09.2022: https://bit.ly/3CHEVnO

[13] ტურიზმი თუ მიგრაცია? (რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებელი - 2022 მარტი-ივნისი), ი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, 07.09.2022: https://bit.ly/3CHEVnO

[14] ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე.

[15] ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, 10.06.2021 : https://cutt.ly/sT70zX5

[16] 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით

[17] რუსეთის მოქალაქეების ფინანსები საქართველოს ბანკებში, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, 06.10.2022: https://bit.ly/3RMBkZE

წყარო:https://transparency.ge/

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати