USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
თბილისი
ქართული ხორბალი -„პური ჩვენი არსობისა“
თარიღი:  7347

პრობლემა:

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი მტკივნეული პრობლემა წამოსწია წინა პლანზე. მაგალითად პრობლემები, რომელთა არსებობის შესახებ ყველამ ვიცოდით, მაგრამ არ გვჯეროდა თუ დადგებოდა ის დრო, როცა ისინი ასეთი სიმძაფრით წარმოჩინდებოდნენ ჩვენ  წინაშე.

უამრავ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესია ქვეყნისა და ყველა ჩვენგანის სასურსათო უზრუნველყოფის  საკითხი. მარტივად რომ ვთქვათ, რამდენად ვიქნებით ჩვენ ხვალ უზრუნველყოფილი საკმარისი საკუთარი წარმოების საჭმელ-სასმელით, რამდენად შევძლებთ წარმოებას ქვეყნის შიგნით და რამდენად ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, თუ რას მოგვაწვდვიან ჩვენ სხვა ქვეყნები - რა რაოდენობითა და ხარისხით.

ალბათ ერთმნიშვნელოვნად  ვთანხმდებით, რომ სასურსათო უზრუნველყოფის მთლიან პაკეტში პირველი ადგილი უჭირავს პურს -„ ქართულ ენაში და საერთოდ, თითქმის ყველა ენაში, არ არსებობს ისეთი ძლიერი სიტყვა, როგორიც არის "პური", რომელიც ქართულში ხორბლის სინონიმად იხმარება,“-ამბობდა ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ნიკო ფიროსმანი – “კალოს ლეწვა ...

 ხორბალი:

მაშ ასე - მისი უდიდებულესობა ხორბალი, რომლის შესახებაც პეტრე ნასყიდაშვილი ასე ამბობდა: - „ხორბალი ფილოსოფიურ კატეგორიას მიეკუთვნება. ხორბლის მცენარის თითოეულ თავთავში, თავთავის თითოეულ თავთუნში და მარცვალში ასახულია ქართველი ხალხის ოფლი და ცრემლი, ამიტომ ამ კულტურას უნდა მოვექცეთ დელიკატურად, თითქმის რიტუალურად. იმის გამო, რომ ხორბალი უნივერსალური, უნიკალური სასურსათე, საკვები, სამკურნალო და სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შორის წამყვანი, ძირითადი პურის მომცემი, ღმერთის მიერ ნაბოძები კულტურაა.“

 ცოტა რამ ისტორიიდან:

ისტორიული წყაროებით, ხორბალი საქართველოში ჯერ კიდევ ნეოლითსა და ადრებრინჯაოს პერიოდებიდან არის ცნობილი, როცა საქართველოში ხორბალთან ერთად უკვე ითესებოდა ქერი, ფეტვნაირები, საზეთე-ბოჭკოვანი კულტურები, მოშენებული იყო ვაზი და ხეხილი. არქეოლოგიური მონაცემებით, ხორბლის კარბონიზებული მარცვლები აღმოჩენილია ძვ.წ.აღ. VI-IV ათასწლეულის ძეგლებზე (არუხლო, ხრამის გორა, შულავერი, ჩიხორი, ხელთუბანი). მიწათმოქმედების პირველი ნიმუშები თარიღდება მეზოლითის პერიოდით.

ანტიკური საბერძნეთის ისტორიკოსების, ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს შრომებში მოცემულია ცნობები საქართველოში ხორბლის გავრცელების შესახებ. მოგვიანებით, სულხან-საბა ორბელიანი (1658 — 1725 წწ.), ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), და სხვები თავიანთ ნაშრომებში გვაწვდიან ცნობებს საქართველოს ხორბლების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ქართული ხორბლები ხორბლების სხვა სახეობებისგან გამოირჩევა მთელი რიგი თვისებებით, რაც მათ განსაკუთრებულ სელექციურ ღირებულებას ანიჭებს. ქართული სახეობები გამოირჩევა სოკოვანი დაავადებების მიმართ მაღალი კომპლექსური იმუნიტეტით, გარემოსადმი ადაპტაციის მაღალი უნარით, პურცხობის და სხვ. საუკეთესო თვისებებით.

არქეოლოგიური გათხრები და ქართული ხორბლის მრავალფეროვნება მოწმობს, რომ ხორბლის ევოლუციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე. გამოჩენილი მკვლევარების ლ.დეკაპრელევიჩისა და ვ. მენაბდის აზრით ხორბლის მრავალ სახეთა გაკულტურება, საქართველოს მიწაზე ხდებოდა.

მარცხნიდან მესამე - ლეონარდ დეკაპრილევიჩი, მეოთხე პეტრე ნასყიდაშვილი

პირველ გენეტიკოს-სელექციონერი, აკადემიკოსი ლეონარდე დეკაპრილევიჩის, მსოფლიოში აღიარებული დიდი მეცნიერის, გენეტიკოსთა და სელექციონერთა ქართული სკოლის მამამთავრის მოღვაწეობის შედეგად დადგინდა რომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთერთი მთავარი კერაა. ამ შრომაში მასთან ერთად მონაწილეობდნე  ნ. ვავილოვი, პ. ჟუკოვსკისი და ვ. მენაბდე. 1929-1930 წლებში ლეონარდე დეკაპრილევიჩის დამსახურებით დაარსდა საქართველოს ცენტრალური სასელექციო სადგური, რომლის პირველი დირექტორიც იყო. პეტრე ნასყიდაშვილი - გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის კათედრის გამგე და ამ კათედრის პროფესორი, პრორექტორი სასწავლო დარგში, პროფესორი.

სწორედ ქართველი მეცნიერების და მათი მოსწავლეების შრომის შედეგია, რომ დღეს მსოფლიო ოფიციალურად აღიარებს იმ ფაქტს, რომ ხორბლის დღემდე ცნობილი 27 სახეობიდან, საქართველოში 16 სახეობაა კონცენტრირებული და მათგან 5 ენდემურია(ადგილობრივი).

 დღევანდელი მდგომარეობა:

ხორბალი კვების ძირითადი პროდუქტების კატეგორიას მიეკუთვნება და, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, მისი მოხმარება წლიურად ერთ ადამიანზე [პურ-პროდუქტების სახით] დაახლოებით 110 კგ-ს შეადგენს. ხორბლისგან მზადდება პურ-პროდუქტები და ამ მარცვლეულის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ საქსტატი ყოველწლიურად ითვლის ქვეყნის ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს (საქართველოში წარმოებული ხორბლის რაოდენობის შეფარდება საქართველოშივე მოხმარებული ხორბლის რაოდენობასთან). აღნიშნული კოეფიციენტის ბოლო ათწლეულის მაქსიმალური სიდიდე დაფიქსირდა 2016 წელს და მან 19% შეადგინა, რაც მაინც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანა კი ბოლო წლებში საშუალოდ 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს.

„საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით საქართველომ 2019 წელს 107 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, მაგრამ ამ მონაცემებში არ შედის აღურიცხავი მეურენეობებში მოყვანილი ხორბალი და ზოგიერთი წყაროების მონაცემებით ეს რიცხვი 170 ათას ტონამდეც ადის.  თუმცა ეს მაინც ძალიან ცოტაა ჩვენი საერთო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

როგორ დაიწყო პრობლემის მოგვარება:

2013 წლიდან საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროში  ფუნქციონირებს ჯიშთა გამოცდის სამსახური და  მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა - თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიების დანერგვისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით მარცვლეულის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდის ხელშეწყობა ქვეყნის მასშტაბით.

დღემდის ამ საქმეს უძღვება  გიორგი ღუღუნიშვილი, ადამიანი, რომლის დაუღალავი შრომის და საქმისადმი ფანატიკური სიყვარულის შედეგიცაა ის, რომ, დღეს საქართველოში, ქართული ხორბლის  აღორძინების და მისი მოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობა რეალური გახდა.

თუმცა სამწუხაროდ ამის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება.

პირველ რიგში საჭირო იყო ამ საკითხზე მომუშავე გუნდის ფორმირება და გიორგი ღუღუნიშვილმა იმ ადამიანებს მოუყარა თავი ვინც ამ საქმის პროფეიონალად ითვლებოდა. სამწუხაროდ ასეთი მხოლოდ რამოდენიმე მხცოვანი მეცნიერი აღმოჩნდა საქართველოში. სამწუხაროდ, ისე როგორ სხვა დარგებში, ქართული გენეტიკის და სელექციონირების  სკოლა სრულიად მოშლილი იყო. მაგრამ საბედნიეროდ, ეს სწორედ ის ხალხი იყო, ვისაც შეეძლო ამ პრობლემასთან გამკლავება. ბ-ნი პეტრე ნასყიდაშვილი, ბ-ნი ვანო ზედგენიძე და სხვები. მათ ახალგაზრდა მეცნიერებიც მიუჩინეს მოსწავლეებად და შეიკრა ჯგუფი, რომელიც ქართული ხორბლის აღირძინების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდა.

 და დაიწყო:

ცნობისთვის, ხორბალი არ კარგავს თავის გენეტიკურ კოდს და სულ რომ საუკუნე მოდიოდეს სხვა მიწაზე, მაინც გამოჩნდება მისი წარმომავლობა. დაიწყეს საზღვარგარეთ მოგზაურობა მეცნიერებმა და საუკეთესო ხორბლის ჯიშების ჩამოტანა და ასევე ქართული ხორბლის ძებნა-ძიება, რაც დიდი წარმატებით შეასრულეს კიდეც. შეიქმნა ლაბაროტორია. შემდეგ ხდებოდა სხვადასხვა ნიადაგებზე ამ ჯიშების თესვა და შესწავლა. ამას დასჭირდა , სულ ცოტა 3-4 წელი.  პეტრე ნასყიდაშვილის ხელმძღვანეობით, მისივე სიცოცხლეში, ახალგაზრდა მეცნიერებთან ერთად მოესწრო წიგნის გამოცემაც.

ნელ-ნელა და მეთოდურად მოხდა ქართული ხორბლის სახეობების აღდგენა და ჯერ საქართველოში ოფიციალურად აღირებინეს ქართული სახეობები არამატერიალურ მემკვიდრეობად და მერე იუნესკოში გააგზავნეს - ზანდური, ჩელტაზანდური, მახა, დიკა, კოლხური ასლი!

და უზარმაზარი გამარჯვება - იუნესკომ დაგვიმტკიცა ხუთი ენდემური სახეობა. ეს პროცესი სამ საფეხურიანია და სექტემბერში უკვე მესამე საფეხურსაც მიაღწევს ქართული ხორბალი, რაც იმას ნიშნავს, რომ იუნესკო ფინანსურადაც დაგვეხმარება ენდემური ჯიშების აღორძინების საქმეში.

 8 წელიწადში გაწეული შედეგი სახეზეა დღეს - ნულიდან  დაწყებული საქმიდან იუნესკოს აღიარებამდე.

ამ შრომას ფინანსებიც ჭირდებოდა და სახელმწიფოსთან ერთად „ქართუ“ ფონდის დამსახურებაც დიდია ამ საქმეში და ეს მხარაჭერა დღესაც გრძელდება.

გიორგი ღუღუნიშვილიგიორგი ღუღუნიშვილი

 მოლოდინი:

მოხდა ზოგადად მარცვლეული კულტურების და მათ შორის ხორბლის კულტურის სერთიფიცირების და ევროპის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან მათი დაახლოება, რაც მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითვალისწინებდა. მიმდინარეობდა კონკრეტულ რეგიონებში და ზონებში მიზანმიმართული თესვები და მოსავალზე დაკვირვება.

და მიუხედავდ კორონავირუსის პანდემიისა, წელს როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ, საქართველო მზად არის 200 ათასმდე ტონა ხორბლის მოსავალი მიიღოს. სახელმწიფო მზადაა სუბსიდირებაც გაუწიოს სათესლე მასალის შესყიდვას. ბუნებრივია ეს მარტო ენდემური ჯიშების ხარჯზე არ მოხდება, რადგან მათათნ ერთად შეძენილია მსოფლიოში საუკეთესო და ჩვენთან ადაპტირებული კიდევ 33 საუკეთესო ჯიშის სათესლე ხორბალი.

მოკლედ მოლოდინი საუკეთესოა და ასე გაგრძელების შემთხვევაში 3-4 წელიწადში თუ მოხერხდა ჩვენი მოთხოვნილების 60%-ის  დაკმაყოფილება ეს იქნება საუკეთესო შედეგი, რაც მომავალ ათწლეულში იმის საშუალებასაც მოგვცემს რომ ქართული ხორბალი ექსპორტზეც გავიტანოთ.

ამ ნარკვევის წერისას ასეთი ამბავიც მოგვიყვეს: - მეორე მსოფლიო ომამდე ქართული ხორბალი იტალიაში გადიოდა საექსპორტოდო.

რატომაც არა???

ამ ამბის მორალი ასეთია - როცა კარგი კეთდება დავინახოთ ეს კარგი და განვავრცოთ.

ჩვენ დავამარცხებთ კორონას და ყველაფერი კარგად იქნება!!!

 

ავტორი: გიორგი გურული

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.