აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ტურის გამარჯვებული ბადრა გუნბა ლიდერობს 61,77%-ით (პირველ ტურში - 46,38%). მისმა კონკურენტმა ადგურ არძინბამ 38,23% მიიღო (პირველ ტურში - 36,92%).
ვინაიდან კენჭისყრაზე აქტივობა 25%-ზე მეტი იყო, არჩევნები ძალაში გამოცხადდა. ისინი მოსკოვის დროით 20:00 საათზე დასრულდა.
კენჭისყრის დასრულებამდე ცანდრიფშის საარჩევნო უბანზე უცნობი ნიღბიანი პირების თავდასხმა მოხდა. მათ ბიულეტენები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც ტელეგრამის არხი „ნოვოსტი/ჩპ აფხაზეთი“ წერს, უცნობი პირები შეიარაღებულები იყვნენ: მათ შენობაში ცეცხლი გაუხსნეს, აიძულეს დამკვირვებლები და კომისიის წევრები დაეწვათ იატაკზე, დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი, მოიპარეს ბიულეტენების ნაწილი, დანარჩენი კი ადგილზე გაანადგურეს.