USD 2.6729
EUR 2.8469
RUB 2.8628
თბილისი
ნიკა ხოფერია - რელიგიური ექსტრემიზმი და ყოველგვარი უბედურება ერთდროულად მძვინვარებს ქვეყანაში, თუ ამას კიდევ ქვეყანა შეიძლება ვუწოდოთ. (ბლოგი)
თარიღი:  737

ძალიან მძიმე დღეებია და ყოველდღიურად უარესი და უარესი ხდება. პანდემია, რელიგიური ექსტრემიზმი და ყოველგვარი უბედურება ერთდროულად მძვინვარებს ქვეყანაში, თუ ამას კიდევ ქვეყანა შეიძლება ვუწოდოთ.

  1. განათლების საშინელი კრიზისი. განათლება ყველაზე დაბალ დონეზეა ალბათ, ვიდრე ბოლო ოც წელიწადში ყოფილა. უნარები მოაშთეს, სახელმძღვანელოებს ორ თვეში აწერინებენ ავტორებს ფორსმაჟორში და მერე ყოველ წელს ცვლიან. წაკითხულის გააზრების დონით მეორე ასეულში რომ ვართ ქვეყნის+ნანახის გააზრებით კიდევ უფრო უკან, ეს ყოველდღიურად მტკიცდება. სტუდენტებიდან, ელემენტარული საბაზისო ცოდნა ძალიან ცოტას აქვს და უმაღლესში ლექტორს უხდება ჯერ სკოლის დონეზე ახსნას საგანი, მერე მართლა რაც უნდა ასწავლოს ის და ბოლოს თვითონაც იბნევა და სტუდენტებიც. მოტივაცია არ არსებობს, მოსწავლემ არ იცის რა უნდა და სად უნდა ისწავლოს, ქულები ფორმალობა და ფარსია. zoom-თ სწავლებამ ლექტორებიც დააბნია, სტუდენტებიც და საერთოდ არია სასწავლო პროცესი, რომელიც აუდიტორიებშიც ვერ იყო სახარბიელო. კი, ლოკალურ დონეზე ვიბრძვით ამის გამოსასწორებლად მაგრამ ეს მთლიანად სისტემის ბრალია და ერთგან გამოსწორება მთლიანად ვერ გამოასწორებს სიტუაციას. დიდად არც არავის ადარდებს და საზოგადოების პრიორიტეტიც არასდროს ყოფილა საქართველოში განათლება, სამწუხაროდ. თუ არა, ნახეთ სოციალური გამოკითხვები, რას თვლიან აქტუალურ პრობლემად ქართველები. პრიორიტეტებში განათლებას ვერსად ნახავთ.
  2. რელიგიურმა ექსტრემიზმმა უფრო და უფრო მოიმატა, იმის მაგივრად რომ პირიქით, შემცირებულიყო. ეკლესია ჩვეულებრივი ფეოდალური ინსტიტუციაა, თანაც რუსული გავლენის ქვეშ მყოფი და პირდაპირ და დაუფარავად უტევს რეალურად, ქართულ ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ საშინელ სოციალურ პირობებში მცხოვრები, დაბალი განათლების და უმუშევარი მრევლის უმეტესობა, ყველაფერს უჯერებს და მიყვება, რადგან ღმერთსა და ეკლესიაშიღა ხედავენ მხოლოდ იმედს. ოლიგარქია კი, უბრალოდ თავისი მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას, რომელიც ასევე სარგებლობს ამით და მოკლედ შეხმატკბილებულად ძარცვავენ ნაქვეყნარს. საოცარი სიმბიოზია. მართლმადიდებლობის ყველაზე მანკიერი ფორმაა საქართველოში. ეს არის მართლაც „მართმადიანობა", როგორც მადამ პრეზიდენტმა აღნიშნა.
  3. ეკონომიკურად საშინლად ჩამორჩენილები ვართ და ბოლო წლებში ამ მხრივ საერთოდ კატასტროფამდე მივედით. საგარეო ვალი უსასრულოდ იზრდება, ადგილობრივი რესურსების ნორმალური ათვისება არ ხდება, ხალხი ყოველდღიურად უფრო და უფრო ღარიბდება და ნაწილი საერთოდ ქვეყნიდან გარბის, იცლება აქაურობა, თუმცა იმდენი ყოველთვის დარჩება რომ ეკლესია და ოლიგარქები კვებონ და მსახურებად ეყონ.
  4. საერთოდ აღარ ვართ პოლიტიკურ რუკაზე, უფრო სწორად, ფორმალურად ვართ. ინგლისურ ჟურნალს აგინებდნენ, რუსეთის შემადგენლობაში ვართ მათ რუკაზეო. საერთოდ არ მიკვირს. საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან თითქმის გამქრალია.
  5. რუსულ პროპაგანდას ისეთი გასაქანი აქვს, როგორიც არასდროს. დუგინის და მსგავსი იდეოლოგების ტყვეობაში მოექცა ძალიან ბევრი ქართველის გონება. რუსეთი N1 მტერია და ის მანკიერი ნარატივი, ყველა ოკუპანტია და ისტორიული მიწების გამო რომ ვხმალაობთ მთელი ამიერკავკასია, ყველას ერთნაირად გვაზარალებს. ტიმოთი სნაიდერი სამართლიანად აღნიშნავს: „1990 წლის არჩევნების შემდეგ წარმოქმნილი რუსული ოლიგარქია ჯერაც ფუნქციონირებს და თავისი საგარეო პოლიტიკით სხვა ქვეყნების დემოკრატიის განადგურებას ცდილობს".
  6. ტელევიზიების 90%-ში გადის მხოლოდ გასართობი გადაცემები, საინფორმაციოები და თურქული სერიალები. სერიალები დეგრადირებულ, არადემოკრატიულ საზოგადოებაზე, კრიმინალზე და სიბნელეზე, რაც ასე ნაცნობი და ახლოა ჩვენ რეალობაში. არანაირი შემეცნებითი გადაცემები, კანტიკუნტად დოკუმენტური ფილმების გარდა. ძალიან ცუდია ეს და ნუ გგონიათ რომ არ მოქმედებს საერთო შედეგებზე. თუნდაც, სულ ელემენტარული, ტელეკომპანია „საქართველო" რომ არსებობდა გარკვეული პერიოდი, სულ ნაირ-ნაირი, საინტერესო დოკუმენტური ფილმებით და ძალიან ბევრი მაყურებლით სხვათაშორის, განსაკუთრებით ჩემ თაობაში და ბევრს მოუნდა შემდეგ, თუნდაც, ისტორიკოსობა ან პირდაპირ, სამხედრო საქმის სწავლა, ჯარში წასვლა, საოფიცრო კურსები და ა.შ. გაანადგურეს ეს არხიც. ტელევიზიებს დიდი ძალა და გავლენა აქვთ, უნდა გამოიყენონ სასიკეთოდ და არა ქვეყნის დასაზიანებლად.
  7. მორყეული და არეული ეროვნული იდეოლოგია. ისტორიის ყველაზე მანკიერი ხედვა და აღქმა. პატარა ერის საშინელი სინდრომი. მთელი მსოფლიო საქართველოს ებრძვის, მართლმადიდებლობის დამარცხება უნდათ და ჩვენი მოსპობა - ესაა დედაარსი. ისევ ტიმ სნაიდერის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ფაშისტებმა გლობალიზაციის რთული გამოწვევები მათ ერის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების შედეგად წარმოაჩინესო. ხომ არ გაგონებთ რამეს?
  8. ეთნიკურ უმცირესობების ინტეგრაციას ხელი თითქმის არ ეწყობა. ეს კიდევ ერთი კატასტროფაა. სამი ათწლეულის შემდეგ, თითქმის არაფერი შეცვლილა. ჩადიხარ და გეგონება უცხო ქვეყანაში ხარ. საერთოდ არაა ინტეგრაციისკენ სერიოზული ნაბიჯები გადადგმული. ურთულესი და ვრცელი თემაა.
  9. ევროკავშირის დროშების ჩამოხევა და ევროპული ღირებულებების დაყვანა მხოლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვამდე, არის ის რასაც რუსი პროპაგანდისტები ჩაგვჩიჩინებენ. სინამდვილეში, ეს უბრალოდ არის საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარი პირობების, უფლებების არსებობა. დროთა განმავლობაში, ჯერ ქალების უფლებებისთვის იბრძოდნენ, მერე შავკანიანების, მერე სექსუალური უმცირესობების და საზოგადოება ყალიბდება ერთიანად, თანასწორად და ეს გარდაუვალია, თუ გვინდა რომ ცივილიზაციის ნაწილები ვიყოთ. მე მივიჩნევ რომ ეს ყველაფერი რბილად, თანდათანობით უნდა მოხდეს. უნდა შეეჩვიოს საზოგადოება და რადიკალური ნაბიჯები და შტურმი საჭირო არ არის, ეს უკუეფექტს იწვევს ხშირად, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, არ შეიძლება ადამიანებს დაუპირისპირდე და სცემო, მოკლა იმის გამო, რაც უბრალოდ არ მოგწონს და რასაც უბრალოდ შენი რელიგია არ ეთანხმება. შეიძლება გამოთქვათ აზრი, თქვათ ეს არ მომწონს, მიუღებელია ჩემთვის, აქციაც ჩაატაროთ, მაგრამ სხვისი ცემის და მოკვლის უფლება არ გაქვთ, მითუმეტეს რომ ის „სხვა" არაფერს გიშავებს და არაფერს გაძალებს.
  1. კიდევ ერთხელ ტიმ სნაიდერი: „XX საუკუნის ევროპის ისტორია ცხადყოფს, რომ საზოგადოებები შეიძლება დაკნინდეს, დემოკრატიები შეიძლება დამარცხდეს, ეთიკა შეიძლება ჩამოიშალოს და ჩვეულებრივი ადამიანები იქცნენ მკვლელებად". დღეს ჩვენ თვალწინ, სახელმწიფოს დაკნინება და დაცემა ხდება, დემოკრატიის დამარცხება (ისედაც ჰიბრიდულ რეჟიმებში გავდივართ) და ვისაც გიხარიათ ეს სიბნელის გამარჯვება, ვერ ხვდებით რუსული პროპაგანდის მსხვერპლი რომ ხართ და მტრის ხატად მარტო სექსუალურ უმცირესობებს წარმოიდგენთ, როცა მთავარ მტრებს ყურადღებას არც აქცევთ, მალე თქვენ თვითონვე ძალიან ინანებთ. ძალიან მალე

ნიკა ხოფერია

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.