USD 3.1181
EUR 3.6582
RUB 4.2765
თბილისი
მიხეილ მაჭავარიანი - წინასაარჩევნო დაპირება თუ მორიგი ტყუილი?! სტყუის თუ არა პრემიერი?
თარიღი : 08.28.2021 11:00  184

საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების და მრავალპარტიული არჩევნების დაკანონების შემდეგ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, პოლიტიკოსებმა მიგვაჩვიეს  წინასაარჩევნოდ  გაცემულ უხვ დაპირებებს, შემდეგ კი, მათი შესრულების ნაცვლად, წლების განმავლობაში იმის ახსნას, თუ რატომ ვერ შეასრულეს ეს დაპირებები. სამწუხაროდ, გამონაკლისი ამ მხრივ არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამოდგა.

ყველას გვახსოვს, „ქართული ოცნების“ პირველი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ცნობილი დაპირება, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს „ქართული ოცნების“ მოღვაწეობას: „პირველ წელს ეს იქნება ძალიან რთული, რადგან ამ ყველაფერს ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდება. მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას საკუთარ ჯიბესა და ოჯახზე იგრძნობს და მეოთხე წელი იქნება ძალიან კარგი“ (24.12.2012 წ). მრავალი ძველი დაპირების გახსენება შეიძლება, თუმცა მკითხველს ამით არ გადავღლით და ჭრილობაზე მარილს არ დავაყრით.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადება, მისი  წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ რთულ პირობებში დაიწყო. პირველ რიგში, ეს გახლავთ კოვიდ პანდემია; სამწუხაროდ, საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა COVID 19-ით, გარდაცვლილია 7,028 (26 აგვისტოს მონაცემით) ჩვენი თანამოქალაქე, 2020 წლის მონაცემებით, ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, მთავრობა იძულებული გახდა 3 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი აეღო, ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი შემოსავალი დაკარგა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სახელით ცნობილი შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას (მის ნაწილს) შორის. დიდი ინტერესი გამოიწვია ამ შეთანხმების ერთ-ერთმა პუნქტმა, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს ეხებოდა -დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თუ ხელისუფლება ამ არჩევნებში 43%-იან ზღვარს ვერ გადალახავდა, უნდა დანიშნულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. სწორად ამ ჩანაწერმა შესძინა განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა კარსმომდგარ თვითმმართველობის არჩევნებს. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ, ხელისუფლებამ ტრადიციულად, უხვი დაპირებების გაცემა დაიწყო. სანამ ამ დაპირებებს განვიხილავთ, მინდა კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ საქართველოს ეკონომიკური ვითარება 2003 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, გამოსახული რიცხვებში.

მოცემული ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2003 წლიდან 2012 წლამდე, ნომინალში 3.9 მლრდ აშშ დოლარიდან 16.5 მლრდ აშშ დოლარამდე, თითქმის 4-ჯერ გაიზარდა; ამავე პერიოდში, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1,010 აშშ დოლარიდან 4,421 აშშ დოლარამდე გაიზარდა; სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 2003 წელს თუ 48% იყო, 2012 წელს 30%-მდე ჩამოვიდა; რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, აქ 2 რიცხვს შემოგთავაზებთ, ვინაიდან ლარმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა; კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტი ლარში 2003 წელს 972 მლნ ლარს (რაც აშშ დოლარში 445,9 მლნ-ია), ხოლო 2012 წელს 7.8 მილიარდ ლარს (რაც აშშ დოლარში 4.7 მილიარდია) შეადგენდა, ანუ თითქმის 10-ჯერ გაიზარდა;

ახლა გადავხედოთ 2020 წლის მონაცემებს, სადაც დავინახავთ, რომ მდგომარეობა მძიმეა: საქართველოს ეკონომიკა ნომინალში 15.9 მლრდ აშშ დოლარია, რაც 2012 წლის იდენტურ მაჩვენებელზე ნაკლებია; მშპ ერთ სულ მოსახლეზე ამ 8 წლის განმავლობაში ფაქტიურად არ გაზრდილა და 2020 წელს 4,274 აშშ დოლარი შეადგინა. სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით 62%-მდეა გაზრდილი; სახელმწიფო ბიუჯეტი ლარში თითქოსდა გაორმაგებულია – 13.74 მილიარდი ლარი (თუმცა აღსანიშნავია, რომ  ამ რიცხვში შედის  8 მილიარდ ლარამდე სახელმწიფო ვალიც),  ხოლო დოლარში, თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ 4.2 მილიარდი აშშ დოლარია; ამასთანავე, ივლისის თვეში, წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა, რაც 1996 წლიდან მოყოლებული ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ 2012-დან 2020 წლამდე, არც საქართველოს ეკონომიკა, არც ბიუჯეტი, არც ქვეყნის სიმდიდრე არ გაზრდილა, რაც ნებისმიერი მთავრობისთვის მძიმე შედეგია და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნამდვილად არაფერი აქვს სატრაბახო.

ახლა, დავუბრუნდეთ უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ დაპირებებს, რითაც დავიწყეთ ჩვენი სტატია. ჩვენი მკითხველის ყურადღება გვინდა გავამახვილოთ  ამ დაპირებების არარეალურობაზე, ან უფრო მეტიც,  დავსვათ კითხვები, თუ როგორ აპირებს პრემიერ-მინისტრი მათ შესრულებას:

1. პირველი რაც თვალში მომხვდა, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის 13 აგვისტოს ამაყად გაკეთებული განცხადებაა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში რეგიონების განვითარების მიმართულებით 32 მილიარდი დაიხარჯება;

იმედია, პრემიერი ამ თანხაში ლარს გულისხმობს. ასევე, დიდი იმედია, რომ პრემიერი ითვალისწინებს ლარის დღევანდელ კურსს (3,1)  და იმედია, რომ მისი გაუფასურება კიდევ არ გაგრძელდება და ეს 32 მილიარდი ლარი, რომელიც დღეს 10 მილიარდი აშშ დოლარია, ერთ მშვენიერ დღეს 5 მილიარდ აშშ დოლარად არ გადაიქცევა. ჩვენ მოვიძიეთ საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარჯები 2003 წლიდან 2020 წლის ჩათვლით; 2020 წლის მონაცემებით, ინფრასტრუქტურის ხარჯი 2.2 მილიარდი ლარია, რაც აშშ დოლარში 700 მილიონ დოლარამდე გამოდის. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურა ისეთი სფეროა, სადაც, მაგალითად, კომპლექტნაწილები (არმატურა, ცემენტი, ბიტუმი, სამშენებლო მასალები) ძირითადად იმპორტირებულია, ან იწარმოება ადგილზე. თუმცა, მას მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასის გავლენა აქვს. ამასთანავე, სატენდერო ვადების მიხედვით, რკინიგზასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პროექტები (აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი),  2024 წლისთვის უნდა დასრულდეს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ როგორ მოხდება ასეთი დიდი თანხების ათვისება. ამიტომ, თუ პრემიერი ათწლიან გეგმაზე საუბრობს, ალბათ უფრო გასაგებად უნდა ახსნას, რა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი. ამასთანავე, არ დაგვავიწყდეს, რომ ვალი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ პანდემიის დროს აიღო, ბიუჯეტის გადასახდელია, რაც მომავალი 10 წლის განმავლობაში ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება არა მარტო ქვეყნის ბიუჯეტს, არამედ გადასახადის გადამხდელებსაც.

2. მეორე დაპირება შეეხება ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას – მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეღვინეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 10 წელიწადში ღვინის ექსპორტის შემოსავალი 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს; ამ შემთხვევაშიც, პრემიერს უნდა დაეზუსტებინა, როგორ აპირებს აღნიშნული დაპირების შესრულებას: ვენახის ფართობების გაზრდით, ღვინის ფასის გაზრდით (ქართულ ღვინოებს მოუწევთ კონკურენცია გაუწიონ მაღალი სეგმენტის ღვინოებს – ჩილე, იტალია, სამხრეთ აფრიკა, მოლდოვა), თუ კომუნისტური ხელისუფლების მიერ ნაცადი მეთოდებით – ფალსიფიცირებული ღვინის წარმოების იმედი აქვს?!

თუ გადავხედავთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, მაქსიმალური თანხა, რომელიც ქართული ღვინის ექსპორტიდან შემოვიდა იყო 2012 წელს –  222 მილიონი აშშ დოლარი; როგორ უნდა მოხდეს ამ თანხის გაოთხმაგება ან გახუთმაგება, ამაზე ალბათ სპეციალისტებმა უნდა იფიქრონ. პრემიერმა კი უნდა გაგვაცნოს ის ჯადოსნური გეგმა, რომლითაც ამ პროცესის განხორციელებას გეგმავს.

3. შემდეგი დაპირება ეხება პროფესიულ განათლებას. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც ჩანს, მთავრობაში კარგად არ ესმით სიტყვა „პრიორიტეტის“ მნიშვნელობა. სიტყვა „პრიორიტეტი“ ნიშნავს მთავარ ადგილზე მყოფს, უპირატესს, წამყვანს. რამდენ ხანს შეიძლება იყოს პროფესიული განათლება პრიორიტეტული? რამდენ წელს შეიძლება გაგრძელდეს? ან ბოლო 8 წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში არიან, სად ასაქმებენ პრიორიტეტულ განათლება მიღებულ ახალგაზრდებს?

4. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პრემიერის შემდეგი დაპირება: „საქართველო იქნება აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“.

სავარაუდოდ, პრემიერი იმით სარგებლობს, რომ ლუქსემბურგში საქართველოს ძალიან ცოტა მოქალაქე თუ იქნება ნამყოფი. მოდით, ლუქსემბურგის შესახებ მონაცემები ვიკიპედიაში მოვიძიოთ. ლუქსემბურგი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქალაქ-სახელმწიფოა დასავლეთ ევროპაში. ის დასავლეთით და ჩრდილოეთით ბელგიას, აღმოსავლეთ გერმანიას, ხოლო სამხრეთით საფრანგეთს ესაზღვრება. მისი ფართობი სულ 2586,4 კვ. კმ-ია, ლუქსემბურგი კონსტიტუციური მონარქიაა წარმომადგენლობითი დემოკრატიით; მშპ ერთ სულ მოსახლეზე (ნომინალში) 104,359 აშშ დოლარია.  რთულია გამოვითვალოთ, რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს ლუქსემბურგს რომ დაეწიოს. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი უფრო წინ წავიდა და „პროგრესირდა“, ვიდრე  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს   ქუთაისის აეროპორტით სამუშაოდ გერმანიაში გაშვებას პირდებოდა.

5. შემდეგი დაპირება/ტყუილი 24 აგვისტოს, კიევში, პრემიერ-მინისტრისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრას უკავშირდება. პრემიერმა ტვიტერით შეგვატყობინა, რომ თითქოს მან დაარწმუნა შარლ მიშელი, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება გაგრძელდებოდა რეფორმების განხორციელების კუთხით. შეგახსენებთ, ეს ის შეთანხმებაა, საიდანაც პრემიერის პარტია „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის 28 ივლისს გავიდა და ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. თუმცა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეთანხმების მთლიანად, და არა მხოლოდ მისი ნაწილის შესრულებას ელოდება. აქვე, გავიხსენოთ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები:

  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სადაც 2%-იან ბარიერზე იყო საუბარი. ჯერ-ჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ პუნქტის აღსრულების არც ნება და არც ნიშანწყალი არ ჩანს;
  • სასამართლო რეფორმა, რომელზეც ეუთო/ოდირმა პირდაპირ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო რეფორმა პირდაპირ ჩაშალა მოსამართლეების დანიშვნით;
  • პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება – სადაც 5 კომიტეტი ოპოზიციის წარმომადგენლებზე უნდა გადანაწილებულიყო. ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა;
  • თვითმმართველობის არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიას დაუწესდა 43%,-იანი ზღვარი, რომლის გადაულახაობის შემთხვევაშიც დაინიშნებოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების ამ ნაწილზეც უარი განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პრემიერმა, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლით ქართული ოცნების რადიკალურად განწყობილი მხარდამჭერების გული კი მოიგო, მაგრამ არ ეყო გამბედაობა ევროპის საბჭოს პრეზიდენტისთვის პირდაპირ ეთქვა, რომ არ აღიარებს ამ შეთანხმებას და იძულებული გახდა  შეთანხმების პირობებზე ესაუბრა. შედეგად კი, გაურკვეველია, რანაირად ხდება, რომ ირაკლი კობახიძე გავიდა შეთანხმებიდან, ირაკლი ღარიბაშვილი კი დარჩა. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ნაცად ხერხს მიმართა და საგარეო რიტორიკით ხელშეკრულებაში დარჩნენ, საშინაოთი კი – გავიდნენ?

6. ცალკე აღნიშვნის ღირსია კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული დაპირებები: დავიწყოთ იმით, რომ 2020 წელს, წინასაარჩევნოდ, უცხოურ პრესაში საკმაოდ საეჭვოდ ჩნდებოდა სტატიები, თუ როგორ უმკლავდებიან პანდემიას საქართველოს მთავრობა და მისი „მუშკეტერები“. სამწუხაროდ, დღეს რიცხვები ძალიან მძიმეა – საქართველო კოვიდით ინფიცირებულთა, ისევე როგორც გარდაცვლილთა რაოდენობით, ლიდერია და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ არაპროფესიონალიზმი და სტრატეგიის არქონაა. ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ხელისუფლებამ ამ პერიოდში დაუშვა, არის შეზღუდვების მოხსნა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ვაქცინა ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაცემულ დაპირებებზე. მიმდინარე წლის 2 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ფაიზერთან კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილია  და მილიონი დოზა ფაიზერი ქვეყანაში ივლისიდან  ეტაპობრივად შემოვიდოდა. თუმცა, 24 ივლისს საქართველოში მხოლოდ აშშ-ს მიერ ნაჩუქარი 500,000 დოზა ფაიზერი შემოვიდა. 26 ივლისს პრემიერმა კვლავ გააკეთა განცხადება, რომ შესყიდული ფაიზერის მოწოდება უკვე დაწყებულია, პროცესი მიმდინარეობს და მილიონი დოზა ალბათ ერთ თვეში, თვე-ნახევარში შემოვა ეტაპობრივადო. თუმცა,  ერთი მილიონი დოზა შესყიდული ფაიზერის ქვეყანაში შემოტანის ბედი ჯერ კიდევ უცნობია. ერთადერთი, რაც 31 ივლისს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებიდან შევიტყვეთ არის ის, რომ ამ 1 მილიონი დოზიდან 162,630 დოზა შემოვიდა საქართველოში. სამაგიეროდ, პრემიერ-მინისტრი არ დაგვზარდა საკუთარი თავის ქება-დიდებაში და 11 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში იტრაბახა, რომ სწორედ მისი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ნაცნობობის წყალობით მოხდა „ფაიზერის“ პრეზიდენტთან დაკავშირება და ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა. თუმცა, სად არის მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა – საზოგადოებისთვის უცნობია.

7. და ბოლოს, ყველაზე „მნიშვნელოვანი“ დაპირება, რომლის შესრულებაშიც არანაირი ეჭვი არ მეპარება, ეს არის ზიპლაინი ხულოში;

დარწმუნებული ვარ, როდესაც პრემიერმა ეს  დაპირება ახსენა, სიტყვა „ზიპლაინს“ ყველაზე მეტი ძებნის მაჩვენებელი ჰქონდა Google-ის საძიებო სისტემაში.  სიმართლე გითხრათ, არც მე ვიცოდი მისი მნიშვნელობა. შესაბამისად, მოვიძიე და ჰოი საოცრებავ! აღმოვაჩინე, რომ ზიპლაინი ყოფილა ერთ-ერთი ატრაქციონის სახეობა, თოკი, რომელიც ორ სხვადასხვა სიმაღლის წერტილებს აერთებს. ამიტომ, ეჭვი არ მეპარება პრემიერის ამ დაპირების შესრულებაში – საქართველოში, კერძოდ ხულოში, ევროპაში ყველაზე გრძელი თოკი გაიჭიმება ორ მთას  შორის; ჩვენი  პრემიერი კი დადგება და ამაყად იტყვის, თუ როგორ კარგად ასრულებს ქართული ოცნება დაპირებებს; ზიპლაინის გარეშე ქართული ეკონომიკის „ათუხთუხება“ ხომ წარმოუდგენელია.

წყარო:https://forbes.ge/

ბიზნესი
საქართველოში შიდა ტურიზმი გაორმაგდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში შიდა ტურიზმის მოცულობა გაორმაგდა. სტატისტიკის თანახმად, 15 წლის და უფროსი ასაკის ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,415,000 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 109%-ით მეტია. 

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, განხორციელებულ ვიზიტებს შორის ტურისტული ვიზიტი (ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორი 1 ღამით მაინც დარჩა ვიზიტის ადგილზე) 654,500 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 112%-ით მეტია. დანარჩენი ვიზიტები კი ექსკურსიულ ხასიათს ატარებდა, რა დროსაც ვიზიტორები ვიზიტის ადგილზე 1 დღეზე ნაკლები დროით დარჩნენ. 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 44.1 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 11.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2021 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (47.0 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

მიზნობრიობის მიხედვით, ვიზიტები ასე ნაწილდება:

მეგობრების/ნათესავების მონახულება - 47%;
მეორე სახლის მონახულება (აგარაკი და სხვა) - 17.5%;
შოპინგი - 14.1%;
მკურნალობა, გაჯანსაღება - 7.8%;
დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 7%;
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 3.1%;
რელიგია/მომლოცველობა - 1.6%;
განათლების მიღება - 0.1%;
სხვა - 1.8%.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 316.2 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 253.9 ათასი ვიზიტი თვეში).

2021 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 203.4 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 128.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 8.9 პროცენტით და 143.7 ლარს უტოლდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით ხელისუფლება კარგად მართავს კოვიდ სიტუაციას თუ არა?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.