USD 2.6699
EUR 2.8450
RUB 2.8530
Тбилиси
მართლა იყო სოჭი საქართველო?
дата:  369

„სოჭი ჩვენი იყო“ - ამ ფრაზას საქართველოში ხშირად გაიგებ, მაგრამ რა საფუძველი აქვს ამ რწმენას? მართლაც იყო თუ არა ეს რუსული ქალაქი როდისმე საქართველოს შემადგენლობაში?

სოჭი აფხაზეთის გაყოლებაზე, ადლერის ზევით მდებარეობს და რუსეთს, კრასნოდარის ოლქს ეკუთვნის. კლიმატი აქ ისეთივეა, როგორიც აფხაზეთში - სუბტროპიკული. ზაფხულში ტემპერატურა 25-26 გრადუსამდე თბება. ისევე, როგორც სოხუმსა და გაგრას, სოჭსაც ერთ მხარეს შავი ზღვა, მეორე მხარეს კი კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ამიტომ ამ ქალაქებიდან ერთდროულად ზღვაც ჩანს და მთებიც. სოჭი საკმაოდ დიდი ქალაქია, ნახევარ მილიონამდე მოსახლეობთ.

სოჭი
სოჭი

„ჩვენი სოჭი“

ისტორიკოსი ზურაბ პაპასქირი ამბობს, რომ ძველი ქართული, საისტორიო ტრადიციით, რომელსაც ნაწილობრივ ძველი ბერძნული და ბიზანტიური წყაროებიც ადასტურებენ, კოლხეთის, ლაზიკისა და ეგრისის უკიდურესი საზღვარი იყო ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ტუაფსეს მიდამოებში. ტუაფსე ასევე რუსეთის ზღვისპირა ქალაქია, რომელიც სოჭიდან დაახლოებით 120 კილომეტრით ზევით მდებარეობს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ადლერისა და სოჭის მხარე სახელმწიფოებრივად კოლხეთის, ეგრისის შემადგენლობაში მოიაზრებოდა. იქ ვინ სახლობდა, ეს სხვა საკითხია, არ არის გამორიცხული, ქართველურ ტომებსაც ეცხოვრათ, რადგან იქ, ტუაფსეს მიდამოებში, დაფიქსირებულია ტოპონიმი „ძველი ლაზიკა“. „ძველ ლაზიკას“ ახსენებს მეორე საუკუნის ბიზანტიური წყარო და მეხუთე საუკუნის ანონიმი ავტორიც, - ამბობს ზურაბ პაპასქირი, - უკვე დავითის ეპოქიდან კი ჩვენ გვაქვს ფორმულა „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“, ნიკოფსია ტუაფსეს მიდამოებია“.

ჯიქები და ჯიქეთი

ჯიქეთი - ასე მოიხსენიებს ისტორიული წყაროები ადგილს, რომელიც დღევანდელი სოჭის ტერიტორიასაც მოიცავს. Მე-14 საუკუნეში სამეგრელოს სამთავროს ერთ-ერთი როლი სწორედ ჯიქების შეკავება იყო.

მეცნიერი მიხეილ რეხვიაშვილი წიგნში „იმერეთის სამეფო“ წერს, რომ 1533 წელს იმერეთის მეფის ბაგრატის ინიციატივით სამეგრელომ და გურიამ ჯიქეთში ილაშქრეს. პირველი ბრძოლა გაგრასთან ჯიქების დამარცხებით დასრულდა. მეორე დღეს, ღალატის შედეგად, სამეგრელო-გურიის გაერთიანებული მხედრობა დამარცხდა. ბრძოლაში დაიღუპა სამეგრელოს მთავარი მამია დადიანი, გურიის მთავარი მამია გურიელი კი, თავისი სამი ძმით, ეპისკოპოსით და ჯარით ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ საქართველომ ამ ტერიტორიაზე კონტროლი სამუდამოდ დაკარგა, თუ არ ჩავთვლით 1918 წლის ზაფხულს, როდესაც გენერალმა მაზნიაშვილმა სოჭი რამდენიმე თვით აიღო.

სოხუმი-სოჭი-ტუაფსე

„მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან სოჭში დასავლეთ საქართველოდანაც დასახლდა ხალხი. ბევრი მათგანი ქალაქის მმართველობაშიც იყო. მაზნიაშვილს სწორედ ამიტომ გაუადვილდა სოჭის აღება“, - ამბობს ზურაბ პაპასქირი.

1918 წელი - კავკასიის სამი ქვეყანა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ამიერკავკასიის სეიმს ექვემდებარება. საქართველომ დღე-დღეზე დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს. რუსეთში მეფე უკვე გადააგდეს, მაგრამ თეთრგვარდიელებსა და წითელგვარდიელებს შორის ჯერ კიდევ დაპირისპირებაა.

ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ ამ პერიოდში საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან ძალიან მყიფე მდგომარეობა იყო. იქიდან ხან ბოლშევიკური სამხედრო ნაწილები შემოდიოდნენ, ხან თეთრგვარდიელები - ალექსეევისა და დენიკინის ჯარის ნაწილები. სოჭი (და არამარტო სოჭი) ხელიდან ხელში გადადიოდა.

„1918 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ და ამიერკავკასიის სეიმმა საზღვარზე გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი და სამხედრო პირი ვალიკო ჯუღელი გაგზავნეს, თავიანთი წითელი გვარდიით... და სოხუმი რუსული არმიისგან გაათავისუფლეს, - ამბობს დიმიტრი შველიძე, - როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სიტუაცია ისევ აირია. 1918 წლის ივნისში სოჭში ძალიან დიდი მიტინგი შეიკრიბა. ქალაქის ხელმძღვანელობამ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დახმარება სთხოვა“.

გენერალი ანტონ დენიკინი ცენტრში
გენერალი ანტონ დენიკინი ცენტრში

1918 წლის ივლისში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სოჭში ჯარი გაგზავნა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით. მაზნიაშვილმა ზედიზედ აიღო ახალი ათონი, ხოსტა, ადლერი და 6 ივნისს - სოჭი. ერთი თვის მერე ქართული ჯარი კიდევ უფრო შორს წავიდა და ტუაფსეც დაიკავა.

„მაშინდელი ქართული გაზეთები წერდნენ, ქართულმა ჯარმა 12-საათიანი ბრძოლის შემდეგ ტუაფსე აიღოო“, - დიმიტრი შველიძე ჰყვება, რომ ამ პერიოდში საქართველოს დასავლეთ საზღვართან ბრიტანული მისია იდგა, რომელიც რუსეთში მონარქიის აღდგენას, შესაბამისად, დენიკინსა და თეთრგვარდიელებს უჭერდა მხარს. საქართველოს მთავრობა ფიქრობდა, რომ ბრიტანული მისია წითელი გვარდიისგან დაიცავდა, ამიტომ დათმობაზე წავიდა და ჯარი ჯერ ტუაფსიდან, შემდეგ კი სოჭიდან გამოიყვანა. –„ტუაფსე ერთი თვის თავზე დათმეს. სოჭიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოვიდნენ“.

ისტორიკოსები ამბობენ, რომ მე-20 საუკუნეში სოჭში ჯერ კიდევ იყო დარჩენილი ქართული უბნები, ქართული სოფელიც კი, მაგრამ ამ ყოფნის კვალი, ახლა მხოლოდ ისტორიულ ჩანაწერებს შემორჩა.

культура
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати