USD 2.6728
EUR 2.8532
RUB 2.8408
Tbilisi
გოგი ლორთქიფანიძე - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყველას, რომ ძლიერ სახელმწიფოში ეცხოვროთ ჩვენს შვილებს (ბლოგი)
Date:  768
გახარიას 29 მაისს ექნება პარტიის პრეზენტაციაო. კარგი იქნება ვასაძეც თუ დროულად წარმოგვიდგენს თავის პარტიულ გუნდს.
დალაგდება პოლიტიკური სივრცე, სადაც ყველა აქტიორი იქნება წარმოდგენილი.
 
აქ საინტერესო ის არის, რომ ამ პოლიტიკური სიჭრელის მიუხედავად, მაინც ცარიელი რჩება ის ადგილი, რომლის დაკავებასაც ყველა ცდილობს, მაგრამ ვერავინ ვერ იკავებს.
 
ამ ადგილის შევსება ვერ ხერხდება ვითომ პატრიოტულ-რელიგიური და ვითომ დემოკრატიული შეფერილობის მქონე პოლიტიკური ძალების მიერ.
 
რადგან სიყალბე ეგრევე იკითხება და ამომრჩეველიც ეგრევე გრძნობს ამას, ეს სიცარიელე დღემდის ვერავინ ვერ ამოავსო, თუმცა მცდელობა უამარავი იყო.
 
ეს არ არის დიდი ნიშა, დაახლოებით 5-7%-ია, მაგრამ ეს მოტივირებული ადამიანების ის რაოდენობაა, რაც საკმარისია ქვეყნის სწორედ განვითარებისათვის და იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ყოველდღიურ რყევებში აცხოვროს საზოგადოება, რაც მხოლოდ ერთადერთ ამოცანას ემსახურება - საქართველო ვერ ჩამოყალიბდეს სრულყოფილ სახელმწიფოდ.
 
ამ პოლიტიკურ მიმდინარეობას მე პირობითად - თანამედროვე კონსერვატორულ-სახალხო მოძრაობად მოვიხსენიებ.
ეს არის ლიბერალური, ეროვნული და ტრადიციული კონსერვატიზმის სინთეზი, რომელისთვისაც მთავარი საორიენტაციო პოსტულატებია - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
 
ვინც ამ პოლიტიკური მიმდინარეობის აქტიურ წევრად ან მხარდამჭერად მოიაზრებს თავს, უნდა იყოს: მოტივირებული, თანმიმდევრული, დამაჯერებელი, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შემძლე და საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოსამსახურე.
 
მე მტკიცედ მჯერა, რომ მსგავსი ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და სწორი ორგანიზების შემთხვევაში, მათი რაოდენობა საკმარისია სიტუაციის შესაცვლელად.
 
ცოტა პათეტიკურად კი გამოვიდა, მაგრამ რასაც ვფიქრობ იმას ვწერ.
 
ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა თქვა და მეც თავიდან ბოლომდე ვეთანხმები:
"ვიდრე ქვეყანა არ არის წარმატებული, ვერც ერთი ჩვენგანი წარმატებულად ვერ ჩაითვლება... ვერც კარიერულად, ვერც ფინანსურად, ვერც ადამიანურად..
 
გადავხედოთ წარმატებულ ადამიანებს, ბიზნესმენებს, ბანკირებს, პოლიტიკოსებს, ექიმებს, სტარტაპერებს, სტუდენტებს, პროფესორებს, მოსამართლეებს, აქვს კი მათ წარმატებულობას რეალური ფასეულობა და დაფასება? არა.
 
ამიტომაც, ყოველდღე, ვიდრე ქვეყანა წარუმატებელია, ვერავინ წარმატებულად ვერ ჩავითვლებით..."
 
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყველას, რომ ძლიერ სახელმწიფოში ეცხოვროთ ჩვენს შვილებს.
culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way