USD 2.6728
EUR 2.8532
RUB 2.8408
Tbilisi
დიმიტრი ამილახვარი და ნიკოლოზ თოხაძე- ფრანგული არმიის ლეგენდარული ქართველი გმირები
Date:  4058

1939 წლის 14 ივლისს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის აღების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე უცხოური ლეგიონის ასეულის მეთაურები იყვნენ დიმიტრი ამილახვარი და ნიკოლოზ თოხაძე. შანზელიზეზე დიდი ოვაციებით ჩაიარეს. აფრიკიდან მათ ჩამოჰყვათ გენერალი მიკელი.

როდესაც გენერალ მიკელს პარიზის კომენდატმა უსაყვედურა, რაღა ეს უცხოელი ოფიცრები დანიშნეთ მეთაურებადო, მათზე უკეთესი არ გვყავსო- ასე უპასუხა ფრანგმა გენერალმა.


დიმიტრი ამილახვარი მეორე მსოფლიო ომში გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიაში იბრძოდა. 1942 წელს ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ის „გათავისუფლების ჯვრით“ დაჯილდოვდა. სიკვდილის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტიმა გენერალ დე გოლმა „საპატიო ლეგიონის უმაღლესი ორდენი" მიანიჭა. საფრანგეთის სამხედრო მუზეუმში ერთი კუთხე დიმიტრი ამილახვრს ეკუთვნის, მეორე კუთხე – შარლ დე გოლს და მესამე – ნაპოლეონს.

შარლ დე გოლმა დიმიტრი ამილახვარს საფრანგეთის სიამაყე უწოდა. ქართველი სამხედრო საფრანგეთში დღესაც პოპულარულია. ნებისმიერ ფრანგ სამხედროს რომ ჰკითხოთ, დაასახელოს საფრანგეთის სამი ყველაზე გამორჩეული სამხედრო პირი, ასე გიპასუხებთ: - ნაპოლეონი, შარლ დე გოლი და პრინცი ამილახვარი.

„ჩვენ უცხოელებს, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავუმტკიცოთ საფრანგეთს გმირობა - სიცოცხლე შევწიროთ მას“ - ეს დიმიტრი ამილახვრის სიტყვებია. იგი 1942 წელს გმირულად დაიღუპა ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. დაკრძალულია ლიბიის უდაბნოში.

ნიკოლოზ თოხაძეს საფრანგეთის თითქმის ყველა სამხედრო ჯილდო ჰქონდა მიღებული, მათ შორის უმაღლესი ჯილდო-სამხედრო ჯვრის ორდენი პალმის რტოთი. იგი მონაწილეობდა მაროკოსა და ალჟირში წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში, ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში, გმირულად იბრძოდა იაპონელებთან შეტაკებებში. 1946 წელს ნიკოლოზ თოხაძე ინდოეთში განლაგებულ ფრანგულ შენაერთს ხელმძღვანელობდა. იმავე წელს ჩრდილოეთ აფრიკაში მიავლინეს და დაევალა კუნძულ მადაგასკარზე "უცხოური ლეგიონის" ჩაყვანა, რის შემდეგაც კუნძულზე ორი წელი იმსახურა.

ქართველმა ოფიცერმა 35 წელი იმსახურა ფრანგულ ჯარში. პოლკოვნიკი ნიკოლოზ თოხაძე გარდაიცვალა 1975 წელს, დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way